სააპელაციომ გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა და გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა რუსთავის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იარაღის ნაწილში. ჭანტურიას მიმართ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში შეფარდებულ 6-წლიან პატიმრობას ადვოკატები ასაჩივრებდნენ და ამ ნაწილშიც ბრალდებულის გამართლებას ითხოვდნენ.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სამსონ ქუთათელაძის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. ისინი მკვლელობაში ჭანტურიას ადანაშაულებენ. პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. უზენაეს სასამართლოში იარაღის ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს სავარაუდოდ დაცვის მხარეც გაასაჩივრებს.
განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვით ისარგებლა გიორგი ჭანტურიამ. როგორც მან განაცხადა, უდანაშაულოა და იმედი გამოთქვა, იარაღის ნაწილშიც გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა.
შეგახსენებთ, რომ სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, რომლის ერთ-ერთი მეწილე იყო, საკუთარ კაბინეტში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.