„ქართულ ოცნებას“ აქვს სტრატეგია, რომ ყოველ დღე სიგიჟე ილაპარაკოს, რადგან ნარკოტიკივით შესვეს საკუთარი აუდიტორია ამ სიგიჟეებზე – სერიოზული პრობლემა აქვს შიგნით, რადგან ყველა სვამს კითხვას: სანქციები რომ მოდის, ვინ მომეხმარება მე, რომ სანქციები მოიხსნას? სწორედ ამიტომ საუბრობენ, რომ მყიფე ერთიანობა არ ჩამოეშალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის „დიფ-სთეითთან:“ კავშირსა და დასავლეთიდან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებზე.
ვაშაძე კობახიძის განცხადებას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნებას“ არცერთი მტკიცებულება არ აქვს.
„ადრე ომის პარტია იყო, ახლა „დიფ-სთეითი“ – ამ ადამიანებს მეტი სალაპარაკო არაფერი აქვთ. ხალხს რეალურ პრობლემებზე ვერ ესაუბრებიან. „ქართულ ოცნებას“ აქვს სტრატეგია, რომ ყოველ დღე სიგიჟე ილაპარაკოს, რადგან ნარკოტიკივით შესვეს საკუთარი აუდიტორია ამ სიგიჟეებზე. ერთი დღეც რომ გააჩერონ ეს ტყუილები, ადამიანები იწყებენ გამოფხიზლებას. ამ ყველაფრის ნაწილია პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები კანონები, რასაც აინიცირებენ, საგამოძიებო კომისია, უზრდელობა დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ ოპოზიციას „მწყობრი, საერთო კამპანია სჭირდება“.
„სინამდვილეში ეს განცხადება ხომ იმას მიუთითებს, რომ მათ ვერ შეძლეს პროტესტის გატეხა. მათი ამოცანა იყო, სანამ სიცივეა, იქნებ ბოლომდე ჩავახშოთ ეს ყველაფერი, მათ ვერ შეძლეს საზოგადოების უმრავლესობის იმ სიყალბეში შეყვანა, რომელსაც მათი პროპაგანდა ჰქვია. ამაზე ნერვიულობენ, მათ აქვთ სერიოზული პრობლემა შიგნით. ყველა სვამს კითხვას: სანქციები რომ მოდის, ვინ მომეხმარება მე, რომ სანქციები მოიხსნას? ტალახაძე ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყო და გააუბედურეს, იქამდე მიიყვანეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციების სიაშია. ამ ადამიანებთან სერიოზული პრობლემაა. იმიტომ საუბრობენ, რომ არ ჩამოეშალოთ ის მყიფე ერთიანობა, რომელიც შიგნით აქვთ. კობახიძეს უსვამს კითხვას ბევრი ადამიანი შიგნით: როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ახლა სხვები ელოდებიან, მეც დამასანქცირებენო. შემდეგ ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ და რუსეთში სიარული არც მათ უნდათ“, – განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძემ ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ „დიდი ერთიანობი“ მომხრეა.
„მე ვარ დიდი ერთიანობის მომხრე. ერთიანობის როგორც პროტესტის და ამ პროცესის დროს, სისტემური ერთიანობის, ასევე, საარჩევნო თვალსაზრისითაც, მათ შორის ვგულისხმობ ერთიან სიას. ხალხს უნდა, დაგვინახოს ერთად, უნდა, დაგვინახოს რომ დღე და ღამე ერთად ვმუშაობთ. სადაც ერთად ვართ, იქ სერიოზულ წარმატებებს ვაღწევთ, ეს არის საგარეო ასპარეზი, სადაც სერიოზულ წარმატებებს ვაღწევთ. არჩევნები აღიარებული არ არის, მოთხოვნილია ახალი არჩევნები; სტრასბურგის რეზოლუციამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საერთაშორისო პოლიტიკა – ეს ყველაფერი მიღწეულია დიდი ერთიანობის შედეგად. მე ვარ დიდი ერთიანობის მომხრე და ვფიქრობ, რომ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პარტიული პოლიტიკის ადგილი არ არის. ბევრმა შეიძლება ისაუბროს განსხვავებაზე, მაგრამ რა განსხვავება, ხალხო? ივანიშვილი რომ მოსაშორებელია, ხომ ყველა ვთანხმდებით? ჩემს ხელში რომ იყოს რას ვიზამდი? – ერთიანი შტაბი, ერთიანი კარ და კარი, ერთიანი საინფორმაციო გზავნილები, სამოქმედო გეგმა. ყველა გაფანტული ადამიანური რესურსი ჩართვა საერთო ბრძოლაში. როგორ დავამარცხებთ საინფორმაციო პროპაგანდას? – თუ ყველა კარზე დავაკაკუნოთ და შევიტანთ ჩვენს ინფორმაციას. ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან პროტესტში ჩართული მხოლოდ რუსთაველზე კი არ შევიკრიბებით, გადავერთვებით თითოეულ უბანში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციის გაერთიანებას ეწინააღმდეგება, ვაშაძე ამბობს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსი აქვთ და ეს კომპლექსი უშლის ხელს ოპოზიციის დიდ ერთობას“.
„ვფიქრობ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ კომპლექსის ქვეშ, რომელიც ჩააბეტონა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“. მათი დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია, რომ „ნაცმოძრაობის“ კომპლექსი გაუჩინოს გარკვეულ ადამიანებს და ამით, ხელი შეუშალოს ერთიანობის ჩამოყალიბებას. არადა, ბიძინა ივანიშვილმაც იცის, კობახიძემაც, რომ დიდი ერთიანობა მათ ანადგურებთ. როდესაც იძახიან, ყველა „ნაციონალური მოძრაობაა“, შემდეგ გამოვა ვიღაც პოლიტიკოსი აქეთა მხრიდან და იტყვის: ხომ ხედავთ, მათ უნდათ, ყველა გავერთიანდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაგვიძახონ. ამ კომპლექსით აცხოვრებენ ადამიანს და ქმნიან იმას, რომ არ ერთიანდება აქეთა ფლანგი. რაც მალე გათავისუფლდებიან ამ კომპლექსისგან, რომელიც მათ შეუქმნა „ქართულმა ოცნებამ“, მით მალე წავალთ გამარჯვების მიმართულებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარშემო ოპოზიციის კოორდინაციას, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილს შესაძლებლობა აქვს, გამაერთიანებლის როლის შეასრულოს.
„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს გამაერთიანებლის როლი. გათავისუფლდეს და გაათავისუფლოს ყველა „ნაცმოძრაობის“ კომპლექსიდან, რომელიც აკიდა ამ საზოგადოებას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს „ქართულმა ოცნებამ“ და სისტემური, ფუნდამენტური, სიღრმისეული ერთიანობისკენ წაიყვანოს პროცესი. ჩემი აზრით, ესაა მისი ისტორიული ამოცანა. თუ ამის შესრულებას შეძლებს, საზოგადოება მას მადლობას გადაუხდის. ჩვენ, პოლიტიკურმა ძალებმა საკმაოდ დიდ ინვესტიცია ჩავდეთ მასში, რომ მას ეს როლი ჰქონოდა. „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერაც გახსოვთ. ეს ქარტია უნდა გაგრძელებულიყო ერთიანი, დიდი კონსოლიდაციით. გაყალბების ის მასშტაბი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, ჩვენ რომ ერთიანად ვყოფილიყავით გასული არჩევნებზე, ვერ შეძლებდა. დღესაც აქვს მას ეს რესურსი. კოორდინაცია კარგია, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი არაა. რაც მალე შედგება ერთიანობა, მით მალე გავიმარჯვებთ. ერთიანობის გარეშე, კოორდინაციის პირობებში, ეს პროცესი გაიწელება, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. მივაღწევთ გამარჯვება, მაგრამ პროცესი გაიწელება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძემ უპასუხა კითხვას, რა შემთხვევაში მიიღებს მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და აღნიშნა, რომ საერთო პოზიციით, „თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარდეს“.
„თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ესაა ჩვენი საერთო პოზიცია. [ერთად ჩატარებაზე] შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ ევროსაბჭოს რეგიონულმა ასამბლეამ, რომელიც თვითმმართველობებს აერთიანებს ევროპის მასშტაბით, რეკომენდაცია გასცა, რომ თუ საჭიროა, გადაიწიოს თვითმმართველობის არჩევნებმა მომავალი წლისთვის, მაგრამ ჯერ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება იმას, ოპოზიცია მიიღებს თუ არა – „ქართული ოცნების“ დანიშნულმა ოპოზიციამ, „ხალხის ძალამ“ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა. ისინი ერთნი არიან, რა პრობლემაა. სხვაც თუ მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით იმავე რანგში დააყენებს თავის თავს. საერთო ეროვნულმა არჩევნებმა ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ის ძალმომრეობითი რეჟიმი, რაც აქ არის. თვითმმართველობის არჩევნები ამას ვერ ცვლის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის ბრიტანეთში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ „ნომერ პირველი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ისაა, რომ საქართველოს თემა იყოს წინა საკითხებში“.
„[ვითხოვთ] მეტი ჩართულობა საქართველოს საკითხებში. ასევე, რა თქმა უნდა, სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აყალბებს ქართველი ხალხის ნებას. ამას ღიად ვამბობთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს. როდესაც ადამიანები კანონს ფეხქვეშ თელავენ, ჩვენ ერთადერთი გზა დაგვრჩა, რომ მათ მიმართ სანქციები ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ რასაც უნდათ იმას გააკეთებენ საქართველოში და მერე სადაც უნდათ, იქ წავლენ. ასევე, ვისაუბრეთ ფინანსურ მხარდაჭერაზე დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო სექტორის, აქტივისტების, საჯარო მოხელეების, რომლებიც სამსახურებიდან გამოუშვეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
