“ჰიდრო რესურსებზე მომუშავე ინვესტორებმა თანხები მზის სადგურებისკენ მიმართეს” – მაია მელიქიძე

ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობის ვადა 28 თებერვალს ამოიწურა. ბაზრის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰიდრო პროექტებზე ინტერესი არც თუ ისე მაღალი იყო, რასაც დადგენილი მედიანური ტარიფის სიმცირეს უკავშირებენ.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტიურობა ამ კუთხით მაღალი იყო, განსაკუთრებით კი მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში, რომელსაც ჰიდრო პროექტები, შემდეგ კი მზის სადგურები მოსდევს.
“იმ სტატისტიკით და ინფორმაციით, რაც ასოციაციაში გვაქვს, ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ დაინტერესება განსაკუთრებით იყო მზის ელექტროსადგურებთან მიმართებაში, საკმაოდ დიდი წილი მოდის განაცხადებისა ამ ნაწილზე. შემდეგ ჰიდრო და ბოლოს უკვე ქარი. ამ ეტაპისთვის განაცხადების რაოდენობა იმაზე მეტია ჩვენი ინფორმაციით ვიდრე იყო განსაზღვრული სამინისტროს მიერ დარჩენილი სიმძლავრეების ათვისების შესაძლებლობა. ახლა სამინისტრო დაიწყებს ამ განაცხადების განხილვას, იმიტომ რომ აქ ძალიან მაღალია ალბათობა რომ არაკვალიფიციური ინვესტორი აღმოჩნდეს განმცხადებლებს შორის, მას შემდეგ რაც სამინისტრო ამ ფილტრს გაატარებს, შემდეგ ჩვენ უკვე დაგვრჩება რეალური ინვესტორების რიცხვი, რომლებსაც შეუძლიათ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე,” – ამბობს მაია მელიქიძე.
მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ინვესტორების ნაწილმა, რომლებიც ჰიდროელექტრო სადგურების მიმართულებით კონკრეტული ინვესტიციების განხორციელებას აპირებდნენ, თანხები მზის სადგურებში მიმართეს, მიზეზი მიმზიდველი ტარიფი და პირობები იყო.
“განაცხადების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო მზის მიმართულებით. ისინიც კი, რომლებიც ჰიდროს მიმართულებით მუშაობდნენ აქამდე დივერსიფიკაცია მოახდინეს თავისი ბიზნესის და ფსონი დადეს მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე. არ გაჩერდნენ ჰიდროზე და თქვეს რომ ეს თანხა, რომელიც არის ჰიდროში ჩასადებად განსაზღვრული და ის მოგვცემს ამონაგებს 8,10,12 წელიწადში მაშინ შეგვიძლია ეს თანხა მივმართოთ მზის და ქარის სადგურების მშენებლობისკენ. ეს არ დააკნინებს ჰიდროს მიმართულებას, მაგრამ ხელისშემწყობ ფაქტორად ვერ განვიხილავთ, როგორც ეს მზის და ქარის შემთხვევაშია,”- აცხადებს მელიქიძე.
შეგახსენებთ, სწორედ პირდაპირმა კონტრაქტებმა ჩაანაცვლა CFD აუქციონი, რომელიც მანამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. სწორედ ppa კონტრაქტების გაფორმების დროს ეკონომიკის სამინისტრო მეორე სიმძლავრის აუქციონში დადგენილ მედიანურ ტარიფს ითვალისწინებს, რომელიც მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში 6,5 დოლარ ცენტი, ქარის ელექტროსადგურებისთვის 6,0 აშშ დოლარ ცენტი, ხოლო მზის ელექტროსადგურებისთვის 5,6 აშშ დოლარ ცენტი.