თბილისის მერია იწყებს პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს

თბილისის მერია იწყებს პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, დარეგისტრიდნენ პროფესიული გადამზადების პროგრამაში.
„ბევრი ადამიანია, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან, რის შედეგად, ვიცით ყველა ის სფერო და მიმართულება, სადაც პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ამიტომ, წამოვიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პროფესიონალიზმი. კერძოდ, მოხდება მათი გადამზადება, ასევე, დავეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას.
„არნიშნული პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება, ცხადია, უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ 10 ათასამდე მოქალაქეს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა, გადამზადებულიყვენ. დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს 70%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებილია, თუმცა კიდევ გვაქვს გაუმჯობესების რესურსი. ამიტომ, დარეგისტრირდით აღნიშნულ პროგრამაში დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ რეგისტრაციის პლატფორმაზე dasakmdi.ge“, – განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროებში.
ამასთანავე, დედაქალაქის მერის განცხადებით, წელს დაემატება 10 ახალი პროგრამა, მათ შორის, ბრენდდიზაინის შემსწავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსწავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების ტექნიკოსის საქმიანობის შემსწავლელი კურსი და სხვა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს