ევროკავშირი მიესალმება ქალაქ ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს, როგორც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა ევროკავშირი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ომის დასრულების საქმეში უკრაინასთან, აშშ-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად.
“ევროკავშირის მიზანი უკრაინის მხარდაჭერაა ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მიღწევაში, რომელიც ემყარება გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება თუ მას რუსეთიც მიიღებს – შესაძლოა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცეს, ახლა რუსეთმა უნდა გამოავლინოს მშვიდობის მიღწევისადმი მზაობა” – ნათქვამია კაია კალასის განცხადებაში.
რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის ძალისხმევას მოლაპარაკებების ორგანიზებაში.
11 მარტს საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგად კიევმა მიიღო ვაშინგტონის წინადადება 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუ რუსეთი ასევე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. 30-დღიანი ვადა შეიძლება მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს.
საპასუხოდ ვაშინგტონი კიევს დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო მონაცემების აკრძალვას და აღადგენს სამხედრო დახმარებას.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა გამოდიოდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით მხოლოდ ჰაერში და ზღვაში, მაგრამ აშშ-ის დელეგაცია დაჟინებით მოითხოვდა ცეცხლის სრულ შეწყვეტას.
საუდის არაბეთში ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკებების შემდეგ „ბურთი რუსეთის მოედანზეა“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე.
11 მარტსვე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის დელეგაცია უკრაინის საკითხზე რუსეთის წარმომადგენლებს „დღეს ან ხვალ“ შეხვდება. მან ასევე დაუშვა, რომ ზელენსკის კვლავ მიიწვევს თეთრ სახლში. მოელიან ასევე რომ მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, ამ კვირაში რუსეთში ჩასვლას გეგმავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსთან კომენტარში თქვა, რომ არ გამორიცხავენ კონტაქტს “აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში”.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ტექნიკური დეტალების განხილვა მომავალ კვირაში დაიწყება. ამასტნა მისი სიტყვებით შეხვედრის შემდეგ “გასაღები რუსული მხარის ხელშია” და მთეი მსოფლიო დაინახავს ვის სურს მშვიდობა და ვის მხოლოდ ამაზე საუბარი.
ფორუმი
