აუდიო ვიდეო ტექნიკის იმპორტიორებისთვის ახალი გადასახადი ამოქმედდა. გადასახადს ჰონორარის სახით იმპორტიორები ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას გადაუხდიან. ბრძანების მიხედვით, ჰონორარის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი მოწყობილობების იმპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკის მფლობელი მიერ
აუდიოვიზუალური ნაწარმოების მოსმენის ან ნახვისთვის და პროცესში შესაძლოა საავტორო უფლებების დარღვევა მოხდეს.
საავტორო უფლებების სპეციალისტი, ადვოკატი ზურაბ ბეჟაშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში განმარტავს, რომ აღნიშნული რეგულაცია ჯერ კიდევ 20 წლის წინ უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ამ დრომდე აღსრულება კონკრეტული მიზეზების გამო არ ხდებოდა. მისი თქმით, კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შემოსავლის ⅓ მოდის ამ გადასახადზე. ანუ უკვე 20 წელია ამ ერთ მესამედს კოლექტიური მართვის ორგანიზაციები, ავტორები და უფლების მფლობელები კარგავენ.
ზურაბ ბეჟაშვილის თქმით, საქპატენტმა იმპორტიორებს შეუმცირა ეს გადასახადი 4%-ით უკვე შეუმცირა, თუმცა ახლაც მათი პროტესტის მიზანი გადასახადის კიდევ შემცირება და ჰონორარის გადახდის ვალდებულების გადავადებაა.
“ერთადერთი მიზანი რაც შეიძლება ამ დავას ჰქონდეს არის ტარიფების შემცირება. საქპატენტმა დაადგინა 2% და ახლა უნდათ ამ 2%-ის შემცირება. ბიზნესი იცავს თავის ინტერესებს, რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში არ არის საავტორო უფლებების დაცვა ეს დგას ჩვენს დღის წესრიგში, სახელმწიფოს და საქპატენტის დღის წესრიგში, ისინი ვალდებულები არიან ავტორის ინტერესები დაიცვან. იმედი გვაქვს რომ სამართლიანი პროცენტი იქნება შენარჩუნებული და ყველა გადაიხდის ამ ჰონორარს.-ამბობს ზურაბ ბეჟაშვილი.
ადვოკატის შეფასებით, ბიზნესმა სწორად უნდა დააიდენტიფიციროს ის ტექნიკა, რომელსაც ეს გადასახადი ეხება. მისი თქმით, ბევრი ტექნიკა რჩება აღნიშნული გადასახადის მიღმა. შესაბამისად, თუ ბიზნესი თვლის, რომ იმპორტირებული ტექნიკით არ არის შესაძლებელი რომ ფიზიკურმა პირებმა ნაწარმოების ასლის პირადი მოხმარების მიზნებისთვის გამოყენება შეძლონ, უნდა მიმართონ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას და ეს დაამტკიცონ.
“რაც ასევე ბიზნესს მინდა ვურჩიო არის ის, რომ კანონის ჩანაწერი არის ის რომ ეს გადასახადი გადაიხდება ისეთ მოწყობილობებზე ან მატერიალურ მატარებლებზე, რაც ფიზიკურ პირებს აძლევს პირადი მოხმარებისთვის ნაწარმოების რეპროდუცირების შესაძლებლობას, ანუ ნაწარმოების ასლის დამზადების შესაძლებლობას. ეს შეიძლება იყოს, დისკები, ფლეშკები, მაგრამ ძალიან ბევრი ტექნიკა ამ ჩანაწერის მიღმა რჩება. გამონაკლისები არსებობს, ამიტომ ბიზნესმა სწორად უნდა დააინდეტიფიციროს ეს ტექნიკა აძლევს თუ არა ფიზიკურ პირებს საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების ასლის დამზადების საშუალებას და თუ აძლევს, უნდა იყოს გადასახადი გადახდილი.
თუ არა, მაშინ უნდა შედგეს კომუნიკაცია კოლექტიურ მართვის ორგანიზაციასთან, დაუსაბუთონ რომ პირადი მოხმარებისთვის ვერავინ ვერ დაამზადებს ასლს და გადასახადი არ მოუწევთ.”-ამბობს საავტორო უფლებების სპეციალისტი, ადვოკატი ზურაბ ბეჟაშვილი.
საქპატენტში განმარტავენ, რომ 2%-იანი გადასახადის ამოქმედება 2024 წლის 31 დეკემბერს ბიზნესმა კიდევ ერთხელ გაასაჩივრა. უწყებაში იმპორტიორების მხრიდან კიდევ ორი სარჩელია წარდგენილი, რომლითაც 2024 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ. საკითხზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება მოდავე მხარე მედიასთან თემაზე ჯერ არ საუბრობს.
