„მეგობარი აქტი“, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს.
„ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, — ნათქვამია სენატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
რიშის თქმით, საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან „შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან“ ხელისუფლების ავტორიტარიზმში ჩაძირვით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით.
„მოხარული ვარ, თავმჯდომარე რიშთან ერთად ხელახლა შემოვიტანო ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და აშშ-მა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ“, — განაცხადა ჯინ შაჰინმა.
კანონპროექტის ინიციატორების თანახმად, „MEGOBARI აქტი“:
· აინიციირებს აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
· მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები დაწესება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში;
· მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
· გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ.
ამჟამად მისი თანასპონსორი 18 კონგრესმენია.
