„ყველაზე მაღალშემოსავლიანი „აქსის თაუერსში“ განთავსებული ფილიალია“ – „ტერმინალის“ შემოსავლები გასულ წელს 2-ჯერ გაიზარდა

შპს „ტერმინალის“, რომელიც პირველი და ამჟამად ყველაზე მასშტაბური საერთო სამუშაო სივრცეა საქართველოში, ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა მიმოიხილა.
საერთო სამუშაო სივრცე (coworking space) მოიაზრებს ოფისის ინფრასტრუქტურის განვითარებას კუთვნილ ან იჯარით აღებულ შენობაში და შემდგომ მის გაქირავებას ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებზე. ტრადიციული ოფისისგან განსხვავებით, coworking-ი მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ ქირავნობის პირობებს (მოკლე ვადიანობა, ნაქირავები ადგილების რაოდენობის ცვლილება და ა.შ.). მიზნობრივი მომხმარებლები ძირითადად არიან ფრილანსერები, ანტრეპრენერები და მცირე ბიზნესები.
სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. ამავდროულად, საქართველოში coworking-ზე დამატებითი მოთხოვნა შექმნა 2022 წლის მიგრაციის [დროებითმა] ეფექტმა. შესაბამისად, ბაზარზე ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიმჩნევა როგორც არსებული სამუშაო სივრცეების გაფართოება, ასევე ახალი მოთამაშეების მატება.
„ტერმინალის“ მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წელს „ტერმინალი“ 2 ფილიალით ოპერირებდა, 2022 წლის ბოლოს კი უკვე 7 ფილიალით იყო წარმოდგენილი (6 თბილისში, 1 ბათუმში). მაღალი მოთხოვნის და ახალი ფილიალების დამატების ფონზე, „ტერმინალს“ ყველაზე მომგებიანი წელი ჰქონდა 2022 წელს და საკმარისი cash flow-ს გენერირება მოახდინა როგორც სესხზე მომსახურებისთვის, ასევე ახალი ფილიალის გასახსნელად.
ჯამურად, „ტერმინალი“ მოიცავს 9,800 კვ.მ. საერთო ფართს, 1013 ინდივიდუალურ სამუშაო ადგილს საზიარო სივრცეში, 55 იზოლირებულ ოფისს, 24 შეხვედრების ოთახს და 8 საკონფერენციო დარბაზს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
2022 წელს „ტერმინალის“ შემოსავლებმა ₾6 მილიონი შეადგინა, რაც 2-ჯერ აღემატება 2021 წლის შემოსავლებს და თითქმის 5-ჯერ 2019 წლის შემოსავლებს. კომპანიის ასეთი ზრდა განაპირობა ალტერნატიულ სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანმა ზრდამ და 5 ახალი ფილიალის დამატებამ 2020-2022 წლების განმავლობაში.
შემოსავლების 45% ინდივიდუალური სამუშაო ადგილის გაქირავებაზე მოდის, 33% ოფისების გაქირავებაზე, 11% შეხვედრების ოთახებზე და დანარჩენი 10% სამუშაო სივრცეში არსებულ ბარსა და ქეითერინგზე. ფილიალების ჭრილში, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჭავჭავაძეზე „აქსის თაუერსში“ განთავსებული სივრცე, რომელმაც 2022 წელს ₾2.1 მილიონის გენერირება მოახერხა. დანარჩენი 6 ფილიალის შემოსავლები ₾204 000-₾980 000-ის ფარგლებშია.
საოპერაციო ხარჯებმა 2022 წელს ₾5.6 მილიონი შეადგინა, საიდანაც ₾1.5 მილიონი იჯარის გადასახადზე მოდის (წარმოადგენს ცვლად საიჯარო გადახდებს „აქსის თაუერსის“ საერთო სამუშაო სივრცეში), ₾1.4 მილიონი თანამშრომელთა ხელფასებზე და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი კომუნალურ გადასახადებზე.
„2019-2021 წლებში კომპანია ვერ ახერხებდა საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული თანხებით სესხზე მომსახურებას და, რა თქმა უნდა, ვერც გაფართოების დაფინანსებას. შესაბამისად, კომპანია კაპიტალში შენატანით აგრძელებდა ფუნქციონირებას. 2022 წელს კი გაზრდილი მოთხოვნის და მიგრაციის ფონზე, კომპანიას საკმარისი cash flow ჰქონდა როგორც სესხზე მომსახურებისთვის, ასევე კაპიტალური დანახარჯებისთვის (ახალი ფილიალის გასახსნელად).
კომპანია ძირითადად მფლობელების მიერ საკუთარ კაპიტალში შენატანით ფინანსდება. 2022 წლის ბოლო მდგომარეობით მფლობელების მიერ კაპიტალში შენატანმა კუმულატიურად ₾16 მილიონი შეადგინა. აქედან, ₾14 მილიონის დამატებითი შენატანი განახორციელეს 2019-2021 წლებში (როგორც ქეშის, ასევე შენობების შენატანის სახით). კონტექსტისთვის, კომპანიის მთლიანი აქტივების ღირებულება 2022 წლის ბოლო მდგომარეობით მხოლოდ ₾15.5 მილიონს შეადგენდა, დაგროვილი ზარალი კი ₾3.3 მილიონს. აღებული სესხი მთლიანი აქტივების მხოლოდ 15%-ს წარმოადგენს.
როგორც ხედავთ, საერთო სამუშაო სივრცე კაპიტალურად ინტენსიური (capital intensive) ბიზნესია. მოითხოვს დიდი მოცულობის ინვესტიციებს ფიქსირებულ აქტივებში/ძირითად საშუალებებში. შესაბამისად, მსგავსი ბიზნესის გასაფართოვებლად მოცულობითი კაპიტალური ინვესტიციებია საჭირო, რომელიც ან საკუთარი კაპიტალით უნდა დაფინანსდეს ან ლევერიჯის ზრდის ხარჯზე.
„ტერმინალის“ მომხმარებლები სამუშაო სივრცის გაზიარებასთან ერთად, ერთ ჩვევას იზიარებენ. თითქმის ყველა შუადღეს იღებს ტელეფონს და უკვეთავს ლანჩს. შესაძლებელია ამის მონეტიზაციაც რამდენიმე გზით: (1) საკუთარი fast casual ობიექტის გახსნა ყველა ფილიალში (თუმცა, ეს სხვა ტიპის ბიზნესია და მენეჯმენტისთვის შეიძლება გამოწვევა და distraction იყოს); (2) არსებული კაფის ქსელის შემოყვანა; (3) კოლაბორაცია არსებულ ობიექტებთან, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები მიიღებენ დისკაუნტს, კაფის მფლობელები დამატებით შეკვეთებს, „ტერმინალი“ გარკვეულ საკომისიოს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
კომპანიის საბოლოო მფლობელები დავიდ თუშიშვილი (50%) და ეკატერინა თუშიშვილი (50%) არიან.