გიგა ოთხოზორიას საქმის ადკოვატის, გიორგი ტაბატაძის ცნობით, გიგა ოთხოზორიას საქმე სტრასბურგში მოიგეს, რის შედეგადაც რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
“მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.. მაშინ როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!”. – წერს ტაბატაძე თავის Facebook გვერდზე.
სტრასბურგის სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც სიცოცხლის უფლების დარღვევას გულისხმობს და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.
ასევე, დადგინდა, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ შეასრულა 38-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რაც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის დეტალების წარდგენას გულისხმობს.
2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ მესაზღვრეები დაედევნნენ, მათ შორის რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში.
სროლის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები.
გიგა ოთხოზორია, მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ მკვლელები დაისჯებოდნენ, ისინი კვლავ თავისუფლად განაგრძობენ ცხოვრებას. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ფიქციური გამოძიება დაიწყო და დე-ფაქტო სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა.
2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშის კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ დროისთვის რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.
2018 წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. გიგა ოთხოზორია რუსეთის წინააღმდეგ – ასე ეწოდება საქმეს, რომლის საჩივარშიც საია მიუთითებს, რომ ოთხოზორიას მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლები დაირღვა.
2018 წლის 21 მარტს, ევროპული საქართველოს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, 26 ივნისს კი მთავრობამ ამ სიაში შეყვანილი პირების ვინაობა დაასახელა. იმავე წლის აგვისტოში ლიტვამ განაცხადა, რომ ამ სიაში შესულ პირებზე შეზღუდვებს დააწესებდა.