კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდება, რომელმაც ქვეყნის მმართველი ლიბერალური პარტიის არჩევნებში გაიმარჯვა.
მარკ კარნი შეცვლის ჯასტინ ტრუდოს, რომელსაც კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 9 წელზე მეტი ეკავა. თუმცა იანვარში ტრუდომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებდა, როგორც კი ლიბერალური პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევდა.
59 წლის მარკ კარნი კანადისა და ინგლისის ცენტრალური ბანკების ყოფილი მმართველია. მან კანადის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში 86%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.
კარნი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტურბულენტურ დროს დაიკავებს, როცა ქვეყანა დიდი ხნის მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან სატარიფო დაპირისპირებაშია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ.
დონალდ ტრამპის განცხადებაზე საპასუხოდ, რომ კანადა ამერიკის 51-ე შტატი გახდება, მარკ კარნიმ თქვა, რომ კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი რაიმე ფორმით.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კარნის ცენტრალური ბანკის ორგზის ხელმძღვანელობის გამოცდილება ფინანსური კრიზისების შესახებ შეიძლება დაეხმაროს კანადას ტრამპის პოლიტიკის დაძლევაში.
თავად მარკ კარნიმ ტრამპის მიერ წარმოქმნილ საფრთხეებს უწოდა „ყველაზე სერიოზული კრიზისი“.
ლიბერალური პარტიის ყრილობაზე მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს კანადის ეკონომიკის დასუსტებას და ამის საშუალება არ უნდა მისცენ.
„ის [დონალდ ტრამპი] თავს ესხმის კანადელ მუშებს, ოჯახებსა და ბიზნესს… აშშ-ს სურს ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა… თუ წარმატებას მიაღწევენ, ისინი გაანადგურებენ ჩვენი ცხოვრების წესს“, – განაცხადა მარკ კარნიმ.
კარნის თქმით, მისი მთავრობა შეინარჩუნებს ტარიფებს მანამ, სანამ ამერიკელები პატივისცემას არ აჩვენებენ.
კანადაში საპარლამენტო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს. წინა პერიოდის გამოკითხვებით მმართველი ლიბერალური პარტია ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიასთან მარცხდებოდა. თუმცა დონალდ ტრამპის პოლიტიკამ კანადასთან დაკავშირებით გავლენა იქონია ამომრჩეველთა განწყობაზეც. როგორც Reuters წერს, ბოლო გამოკითხვები მიუთითებს, რომ ვერც ლიბერალები და ვერც კონსერვატორები დამოუკიდებლად მთავრობის შექმნას ვერ შეძლებენ.
