TASS-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, კრემლში ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის პრეზიდენტ ბადრა გუნბას შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთს ენერგოდეფიციტის პერიოდში – 15 აპრილამდე – უსასყიდლოდ მიაწოდა ელექტროენერგია. ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიაში განაცხადა დე ფაქტო ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ.
„5 მარტს მოსკოვში ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილულ საკითხებს მყისიერი რეაგირება მოჰყვა, და უკვე დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება აფხაზეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესახებ. ეს ჩვენთვის უსასყიდლოა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა მის საფასურს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან არ გადაიხდის. მიწოდებული მოცულობა გათვლილია იმ ენერგოდეფიციტის მიხედვით, რომელიც 15 აპრილამდეა ნავარაუდევი“, – განაცხადა ნანბამ.
პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყანას საშუალებას მისცემს, ენერგოდეფიციტის პერიოდში შეუფერხებლად მიიღოს ელექტროენერგია, რისთვისაც მადლობა გადაუხადა რუს კოლეგებს. „ისინი კვლავ გვეხმარებიან კრიტიკულ მომენტში, როცა ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი გვაქვს, და გვაქვს რწმენა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე ეფექტიანი იქნება“, – ამბობს ნანბა.
ბოლო წლებში, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რესპუბლიკაში ენერგოდეფიციტი იზრდება მოხმარების მატების გამო. 2024 წლის 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა რუსეთიდან კომერციული ტარიფით ყიდულობდა ელექტროენერგიას, რისთვისაც მისი ბიუჯეტიდან დაახლოებით 600 მილიონი რუბლი გამოიყო. 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 7 თებერვლამდე რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების სახით 327 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მიაწოდა, ხოლო ეკონომიის მიზნით მოქმედებდა ექვსსაათიანი გათიშვები.
tass-ის ცნობით, 7 თებერვლიდან, რუსეთისა და აფხაზეთის შორის დამატებითი 182 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის მიღების შეთანხმების შემდეგ, ყველა შეზღუდვა მოიხსნა – აღნიშნული ხელშეკრულების დაფინანსება განხორციელდა იმ ფინანსური დახმარების დაუხარჯავი სახსრებიდან, რომლებიც 2024 წელს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს გამოუყო.
