ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე იმერეთის ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე , პარტიების ლიდერებთან ერთად იმერეთის ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს რუსული პარტია, რომელიც კანდიდატის სტატუსს საბოტაჟირებდა.
“ზესტაფონსა და თერჯოლაში შევხვდით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს. მადლობა გადავუხადე თითოეულს, რადგან ამ ადამიანებმა ქართველ ხალხთან ერთად ძალიან ბევრი იბრძოლეს, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
შემაჯამებელი შეხვედრები გვაქვს, ვემზადებით 2024 წლის სთვის. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც 1:0-ს უგებს რუსულ პარტიას, ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
უნდა ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებს რუსული პარტია, რომელიც საბოტაჟირებდა კანდიდატის სტატუსს. ახლა ცხადია, ამ ევროპულ გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ გახდეს.
გარდა თერჯოლისა და ზესტაფონისა, დღეს ჩვენ შევხვდებით ქუთაისში, წყალტუბოსა და ვანში ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს. ცხადია, მათაც ყველას გადავუხდი მადლობას იმ ბრძოლისთვის და იმ თავგანწირვისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებენ ადგილებზე, მათ შორის საკრებულოებში”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.