შალვა პაპუაშვილი- საქართველოს ევროპული მატარებელი დაიძრა და ოპოზიცია ბაქანზეა ახლაც – ჯერჯერობით მატარებლის ტემპი არ არის ისეთი სწრაფი, რომ ვერ შეძლონ შემოხტომა – თუ ოპოზიციას სურს ხელისუფლებას დაეხმაროს, კარი ღია

საქართველოს ევროპული მატარებელი დაიძრა და ოპოზიცია ბაქანზეა ახლაც – ჯერჯერობით მატარებლის ტემპი არ არის ისეთი სწრაფი, რომ ვერ შეძლონ შემოხტომა, ასე რომ, დრო არის, თუ მათ სურთ, რომ ამ გზას შემოუერთდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ ოპოზიციას სურვილი აქვს, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს, კარი ღიაა.
„ისეთივე წარმატებით, როგორი წარმატებითაც გავიარეთ ბოლო წელიწად ნახევარი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე წარმატებით გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლება ამაზე მუშაობას. ოპოზიციას თუ სურვილი აქვს რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს, კარი ღიაა. წინა შესაძლებლობა მათ ხელიდან გაუშვეს, საქართველოს ევროპული მატარებელი დაიძრა და ბაქანზე არიან ახლაც. ჯერჯერობით მატარებლის ტემპი არ არის ისეთი სწრაფი, რომ ვერ შეძლონ შემოხტომა. ასე რომ, დრო არის, თუ მათ სურთ, რომ შემოუერთდნენ ამ გზას. სამწუხაროდ, ოპოზიციამ პირველივე ტესტი ვერ ჩააბარა. ბოლო სასესიო კვირას, კენჭისყრა გვქონდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების აკრძალვას და მშპ-სთან თანაფარდობის დაწევას ეხებოდა, რომელიც იყო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ევროკომისიასთან შეთანხმებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და რომელზეც რეალურად არანაირი კრიტიკული არგუმენტი არ ჰქონდათ, მათ შორის, ჩემს კაბინეტში შეხვედრა გვქონდა ოპოზიციასთან ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და ეს საკითხიც განვიხილეთ. არავინ იყო წინააღმდეგი, მაგრამ მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებას. პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს, რომ შემდეგი ეტაპისთვის იმუშაონ. ნაკლები იმედი მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება, რამენაირად აჩვენებს ნიშნებს, რომ მზადაა, გაიზიაროს პასუხისმგებლობა. თუმცა საქართველოს ევროპული მატარებელი მყარად დგას ლიანდაგზე, მიგვყავს დანიშნულების ადგილისკენ, ამიტომ ვინც ბაქანზე იქნება, ბაქანზე დარჩება”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.