შალვა პაპუაშვილი – ადრე რაც USAID-ის, NED-ის და მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე

ადრე რაც USAID-ის, NED-ის და მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა ეს მცდელობები და ქმედებები უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებასა და სრულიად საქართველოზე დივერსიფიცირებულ თავდასხმას აქვს ადგილი.
„ვფიქრობ, საქართველო ბევრ საკითხთან დაკავშირებით ლაკმუსის ქაღალდი გამოდგება ხოლმე და ახლაც ვხედავთ, რომ გადაჯგუფება მიდის. ადრე რაც USAID-ის, NED-ის და მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, რომელიც -ის ახალმა ადმინისტრაციამ თაღლითობასა და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის ორგანიზებაში ამხილა, ახლა ეს მცდელობები და ქმედებები უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე. ჩვენ უკვე ვხედავთ დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებასა და სრულიად საქართველოზე. მათ შორის, ეს ვიზიტები და ტური, რაც ბოლო პერიოდში მათ მარიონეტებს [ოპოზიციას] მოუწყვეს იყო იმისთვის, რომ მათ შესაბამისი ინსტრუქცია და დავალებები მისცენ. საბოლოოდ, ეს ჩვენი ტესტია. როცა საუბარი „დიფ სთეითსა“ და მის დამარცხებაზე იყო, ჩვენი წარმოდგენა ასეთია, რომ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები საერთოდ უნდა ამოიძირკვოს და არ მოხდეს რებრენდიგი. ანუ, ის რაც ადრე იყო და USAID-ი ერქვა, ახლა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც ისედაც არსებობდა, „ს დახმარების ორგანიზაცია“ და ა.შ.“, – განაცხადა პაპუაშვილმა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რამდენიმე ორგანიზაცია, და „ენჯეო“ „გადაესტონელდა“.
„ვნახეთ რამდენიმე ორგანიზაცია, რაც ღიად ვიცით, რომ „გადაესტონელდნენ“, მათ შორის რამდენიმე „ენჯეო“. ვხედავთ იმ რესურსების გადანაწილებას, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხაზით იხარჯებოდა საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა საზოგადოებას უნდა აჩვენოს ქვითრები და გადარიცხვები, რომ გასაგები იყოს, „ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები.“
„ჩვენ ვნახეთ ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ერთობლივი ტური, რომელიც ახლა ჰქონდათ ბალტიის, სკანდინავიისა და დიდი ბრიტანეთის ქვეყნებში. ვისი ფულით იყვნენ ამ ქვეყნებში? დაასახელონ! აჩვენონ საზოგადოებას ქვითრები და გადარიცხვები – ვინ იყიდა ბილეთი და ვინ განათავსა ისინი სასტუმროში. ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები. ვისი ფულითაც დადიან იმათი მარიონეტები არიან. ამიტომ გვაჩვენონ ვისი ფულით დადიან და გაეცემა კითხვას პასუხი ვისი მარიონეტები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და „ენჯეოები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე იმავეს წერდა, რასაც დღეს ზურაბ ჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები „თავისი არსით ორჯონიკიძის შთამომავლები არიან“.
„ახლა საინტერესო იქნებოდა ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, რომ ნახავთ პარალელებს. რა თქმა უნდა, ეპოქა შეიცვალა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ნახავთ იმავეს, რასაც ზურაბ ჯაფარიძე დღეს წერს. ეს არიან 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც იმ ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებენ, სადაც ისინი დაიბადნენ, ფეხი აიდგეს და რომელი საზოგადოების წევრებიც ისინი იყვნენ. ეს არის ყველა მარიონეტის ხვედრი საბოლოო ჯამში. მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, მაგრამ სერგო ორჯონიკიძეც კედლის გაზეთებით და პროკლამაციებით ზუსტად ასე ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლება არის საფრთხე და ის უნდა იყოს საერთო კომუნისტურ სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილი. ზუსტად ამას გვეუბნებიან დღეს, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს ლიბერალურო ინტერნაციონალის ნაწილი. აბსოლუტურად ერთი ერთში სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები არიან თავისი არსით, როგორც სერგო ორჯონიკიძე იყო უცხო ქვეყნის მარიონეტი, ზუსტად ესენიც არიან უცხო ქვეყნის მარიონეტები. მნიშვნელობა არ აქვს დედაქალაქებს და ქვეყნებს. მნიშვნელობა აქვს თავად მოცემულობას, რომ ადამიანები ეყიდებიან სხვა პოლიტიკურ ჯგუფს ქვეყნის გარეთ, რადაც საკუთარი პოლიტიკური ეგოების დასაკმაყოფილებლად. ესეც მიუთითებს ერთ რამეს, რომ არის ჩვეულებრივი მტრობა საქართველოსი. 100 წლის წინ ამას აკეთებდნენ ხიშტებით და ტანკებით, დღეს ამას აკეთებენ სანქციებით და პროპაგანდით. მეთოდები იცვლება, თუმცა შინაარსი არ ეცვლება. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ. როგორც 1921 წელს, საბჭოთა არმიის მეშვეობით დაიმორჩილეს საქართველო და დაამყარეს კომუნისტური ინტერნაციონალის მმართველობა საქართველოში, ახლა უკვე 100 წლის თავზე უნდათ, სანქციებით და პროპაგანდით დაიმორჩილონ ქართველი ხალხი, დასვან თავისი მარიონეტული რეჟიმი და დაამყარონ ლიბერალური ინტერნაციონალი საქართველოში,” – განაცხადა პაპუაშვილმა.