“სრულად გასაგები რომ იყოს – მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არ ვეთანხმები უკრაინის პოლიტიკას, Starlink ტერმინალებს არასდროს გათიშავს,” – ამის შეახებ Tesla-ს, Starlink-ისა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, თავის X-ზე წერს.
მისივე მტკიცებით, სტარლინკს არასდროს გამოიყენებს მოლაპარაკებებში ბერკეტად.
“მე უბრალოდ ვამბობ, რომ Starlink-ის გარეშე უკრაინული [ფრონტის] ხაზები ჩამოიშლებოდა, რადგან რუსებს ყველა სხვა სახის კომუნიკაციის ჩახშობა შეუძლიათ ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდით ან არ გამოვიყენებდით მოლაპარაკებებში ბერკეტად,” – დაწერა მასკმა თავის X-ზე.
შეგახსენებთ, სტარლინკის უკრაინაში მუშაობის საკითხმა დიდი საერთაშორისო მსჯელობა გამოიწვია. ერთმანეთს ამ საკითხზე ქვეყნების წარმომადგენლები ეკამათებიან. ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი, უმადურობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია.
„მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ“, – მიმართა რუბიომ სიკორსკის.
ამ განცხადებით რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.
„უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებით. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის საკითხის გარდა, თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ“, – დაწერა სიკორსკიმ.
სიკორსკის ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკიც და მას „პატარა კაცი“ უწოდა
შეგახსენებთ, მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება. მასკის სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა პოლონელი მინისტრის გამოხმაურება, რომ „უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთის გაციფროვნების სამინისტრო წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის გარდა, თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, სხვა მომწოდებლები მოვძებნოთ“.
შარშან უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში Starlink-ის დაახლოებით 42 000 ტერმინალი მუშაობს. მათგან დაახლოებით ნახევარს პოლონეთი აფინანსებს, რაც უკრაინის სამხედრო ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს.
ოფიციალური კიევი ირწმუნება, რომ უკრაინას Starlink სატელიტური ინტერნეტ სისტემის აქვს.
შეგახსენებთ, „როიტერის“ ინფორმაციით, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულებისთვის აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.
ცნობისთვის, უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს პოლონეთი იხდის და ამას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.
პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას „სტარლინკის“ 20,000 მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.
