ლიეტუველმა დეპუტატი სატელეფონი ხულიგანმა მოტყუებით დააჯერა, რომ ილონ მასკთან შეხვედრაზე იყო მიწვეული

ლიეტუველ დეპუტატ რემიგიუს ჟემაიტაიტისს ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევს. ის პრანკერის (სატელეფონო ხულიგანი – რედ.) ანკესზე წამოეგო და დაიჯერა, რომ შეერთებულ შტატებში ილონ მასკთან შეხვედრაზე იყო მიწვეული. ჟემაიტაიტისის ქცევის და საერთოდ, ამ ინციდენტის შესწავლა ლიეტუვას პარლამენტის (სეიმის) ეთიკისა და პროცედურული საკითხების კომისიას დაევალა.
ჟემაიტაიტისმა დაადასტურა, რომ მოატყუა პრანკერმა, რომელმაც თავი ილონ მასკის თანაშემწედ გაასაღა. სეიმის დეპუტატმა დაიჯერა, რომ -ს სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელთან შეხვედრაზე იყო მიწვეული და ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო. მას თვითმფრინავის ბილეთებიც კი გადასცეს, თუმცა, აეროპორტში აღმოაჩინა, რომ ისინი ყალბი იყო.
დეპუტატის ოპონენტები აცხადებენ, რომ ჟემაიტაიტისმა, სავარაუდოდ, პროცედურული წესები დაარღვია, რადგან არ გაამჟღავნა დაგეგმილი მგზავრობის მიზანი და არ შეავსო დეკლარაცია, რასაც თვითმფრინავის პირველი კლასის ბილეთების, როგორც ძვირადღირებული საჩუქრის, მიღება ავალდებულებდა. კანონმდებლობის თანახმად, ლიეტუვას პარლამენტის წევრები მოვალენი არიან, საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ სეიმს აცნობონ.
„[ჩვენ ვთხოვთ] ეთიკისა და პროცედურული საკითხების კომისიას, შეაფასოს ამ ინციდენტის გარემოებები და, თუ კომისია გამოძიების ჩატარებას გადაწყვეტს, ამის შესახებ პარლამენტს აცნობოს“, – განაცხადა სეიმის სპიკერმა, საულიუს სკვერნელისმა.
ჟემაიტაიტისის თქმით, მან სეიმის საბჭოს აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ „სათანადოდ აცნობა“.
სეიმის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, აგნე შირინსკიენე, რომელიც ადრე მმართველ კოალიციაში შემავალი ჟემაიტაიტისის პარტია „ნემუნასის განთიდის“ („Nyamunas Dawn)“ წევრი იყო, მიიჩნევს, რომ მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა პარლამენტის წევრთა ოფიციალური მივლინებების წესები დაარღვია.
მისი თქმით, ჟემაიტაიტისმა მოატყუა სეიმის საბჭო, როდესაც განაცხადა, რომ მისი მოგზაურობა აშშ-ში კერძო ხასიათის იყო, მაშინ როცა თავად სჯეროდა, რომ სამთავრობო მოხელეებს უნდა შეხვედროდა.
პრანკერთან ელფოსტით მიმოწერისას, რომელმაც ეს მიმოწერა მედიას გააცნო, ჟემაიტაიტისმა აშშ-ში ვიზიტის დეტალები დააზუსტა. დეპუტატმა დაიჯერა, რომ მას, მეუღლესთან ერთად, DOGE-ის ხარჯზე უნდა ემოგზაურა, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერებულიყო და ბროდვეიზე მიუზიკლი „დიდი გეტსბი“ ენახა.
ელექტრონულ წერილებში ჟემაიტაიტისი თავისი ქვეყნის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას აშშ-ს პრეზიდენტ ს სავარაუდო კრიტიკის გამოც საყვედურობდა.
თავად ჟემაიტაიტისი აცხადებს, რომ აპირებს, თაღლითობის თაობაზე პოლიციას მიმართოს.
აშშ-ში ჟემაიტაიტისის „მოგზაურობის“ საქმის გამოძიება სპეციალურმა ანტიკორუფციულმა საგამოძიებო სამსახურმაც (STT) დაიწყო.
წყარო: 1 არხი