ზელენსკი, ტრამპი და… ჩარლზ III, ანუ ბრიტანული მონარქიის დიპლომატიური რბილი ძალის მაგია

ეს არის მტვრით დაფარული მონარქიის ისტორია, რომელიც კოსტიუმების სილამაზით, ეტლების ბრწყინვალებით თუ ოჯახური ინტრიგებით მუდამ კვებავდა ბულვარულ პრესას. მას აქვს მოოქროვილი ფასადი, რომლის უკანაც, თურმე, ძალიან ეფექტური დიპლომატიური იარაღი იმალება.
ვინც ზემოთქმულს აქამდე ჯერ კიდევ ეჭვქვეშ აყენებდა, ამ კვირაში მის რეალობაში საბოლოოდ დარწმუნდა. მას შემდეგ, რაც კირ სტარმერმა ვაშინგტონში ჯიბეში ჩაიტოვა ჩარლზ III-ის მიერ სთვის გაგზავნილი სავარაუდო მოსაწვევი, რაც ნამდვილი კოზირი იქნებოდა ამერიკის პრეზიდენტის გულის მოსაგებად, ბრიტანეთის მონარქმა სანდრინგემში ს უმასპინძლა. ეს ორი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჟესტი ბრიტანულ რბილ ძალაზე ძალიან ბევრს მეტყველებს.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამეფო აუდიენციები მხოლოდ ფოლკლორია, პროტოკოლური მიღებებით, უამრავი რევერანსითა და ნატიფი ფაიფურით დამშვენებული. ამის დაჯერება შეცდომა იქნებოდა. გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ არსენალში სამეფო ოჯახი ის ძალაა, რომლის გამოყენებაც დაუნინგ სტრიტს შესანიშნავად ეხერხება. იქ, სადაც პოლიტიკური გამოსვლები საქმეს ვერ შველის, სადაც ხელის ცივად ჩამორთმევა დაძაბულობას ვერ ფარავს, სამეფო ეტიკეტი სასწაულებს ახდენს.
ბუკინგემში ან სხვაგან (ბალმორალი, სენდრინგემი…) სახელმწიფო მეთაურის მიღება, სამეფო სასახლის ოქროსფერ დარბაზებში მის საპატივსაცემოდ ბანკეტის გამართვა, ნიშნავს მის აღიარებას, გამოჩენილ სტუმართა პანთეონში შეყვანას და რამდენიმე საათით იმ ილუზიის ტყვეობაში ყოფნას, რომ ისტორიული თეატრის სცენაზე იმყოფება, სადაც წამყვანი მსახიობი თავად არის.
ამ ცდუნებას ტრამპმა, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლო. იმით მოხიბლულმა, რომ პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იყო, რომელიც „სახელმწიფო ვიზიტით“ ორჯერ მიიწვიეს, მან ეს ამბავი ისეთი კმაყოფილებით მიიღო, როგორც ბავშვმა, რომელსაც კარგი ქცევისთვის აქებენ. შეურაცხყოფისა და სიბრაზისკენ მისი მიდრეკილება თითქოს ჯადოსნურად გაქრა. ასე მუშაობს უინძორების რბილი ძალა: გავლენა ისეთი ფარული და შეუმჩნეველია, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევაც კი შეუძლებელია.
თუმცა, სანდრინგემში ზელენსკის მიწვევა სრულიად განსხვავებული ხასიათისაა. თუ დონალდ ტრამპი სამეფო ბრწყინვალებაში საკუთარი ეგოსთვის სარკეს პოულობს, უკრაინის პრეზიდენტი გაცილებით უფრო დახვეწილ გზავნილს იღებს: მხარდაჭერის ნიშანს, გამამხნევებელ ჟესტს თეთრ სახლში მიღებული „დამცირების“ შემდეგ. ჩარლზ III-სთან პირისპირ შეხვედრა სასახლის მყუდრო გარემოში მხოლოდ ფინჯნიდან ჩაის შესმით არ შემოიფარგლება. ეს უფრო ვაშინგტონისთვის ცხვირის აბზუება და პოლიტიკური აქტი, სიგნალია, რომელიც მთელ ევროპას ეგზავნება.
სტარმერსა და მეფეს, შესაძლოა, სიტყვები არც სჭირდებოდეთ, ერთმანეთს რომ გაუგონ. ერთს ტრანსატლანტიკური ალიანსის შენარჩუნება სურს, მეორეს კი კარგად ესმის, რომ მონარქიის იმიჯი არ შეიძლება მხოლოდ ტურისტული ატრიბუტკის ფუნქციით შემოიფარგლოს. ელისაბედ II-ის დროს, სამეფო კარზე უკვე იცოდნენ იმ დამაკავშირებელი როლის თამაში, რომლის წყალობითაც ერთი შეხედვით შეუძლებელი შეხვედრები იმართებოდა, მაგალითად, „ირლანდიის რესპუბლიკური არმიის“ ყოფილ მეთაურთან, მარტინ მაკგინესთან, ან კიდევ მანდელასა და გორბაჩოვთან. ჩარლზს არ აქვს არც დედამისის ქარიზმა, არც მისი შეუვალი თავდაჭერილობა, მაგრამ მან ეს ტრადიცია მემკვიდრეობით შეისისხლხორცა.
ბრიტანულ მონარქიას ხშირად დასცინიან მისი ანაქრონიზმების, წინა საუკუნეების ოქროსფერი მორთულობებისა და მოძველებული რიტუალების გამო. მიუხედავად ამისა, დღესაც, როდესაც საერთაშორისო არენაზე ქარიშხალი იწყება, როდესაც ვაშინგტონსა და ევროპას შორის დაძაბულობა მწვავდება, ნავსაყუდელს სწორედ ბუკინგემის სასახლეში ეძებენ. აქ მოდიან არა მაღალფარდოვანი სიტყვების მოსასმენად, არამედ ჩუმი ლეგიტიმურობის მისაღებად, აღიარებისთვის, რომელიც დიპლომატიის ბუნდოვან თამი ხშირად ათას ოფიციალურ განცხადებაზე მეტს ნიშნავს.
მაშინ როცა ტრამპი ღიად გამოხატავს თავის სიყვარულს „უხეში ძალის“ მიმართ, დარწმუნებული იმაში, რომ მსოფლიო მხოლოდ ასეთი ძალის წინაშე იხრის ქედს, ლონდონი მას ჩუმად შეახსენებს სხვა რეალობას – არსებობს გავლენები, რომლებიც მუქარითა და გაბრაზებული ტვიტებით არ ხორციელდება; არსებობს გამარჯვებები, რომლებიც ბრძოლის ველზე კი არა, რბილი სალონის ხავერდოვან გარემოში, ჩაის ფინჯანთან მიიღწევა.
ეს რბილი ძალა ახლა ერთი კაცის, უფრო სწორად – მეფის, სამეფო ოჯახის ხელშია. მის ხელშია ძალაუფლება, რომელიც თავის სახელს ხმამაღლა არ გაჰყვირის და საუკუნეების განმავლობაში, მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე აგრძელებს ისტორიის წერას.
წყარო: 1 არხი