PAUL Georgia-მ თბილისში რიგით მე-6 ფილიალი გახსნა. PAUL წყნეთი მომხმარებლებს პირველი მარტიდან, განახლებული მენიუთი მასპინძლობს.
ამასთან, ფრანგული რესტორანი გაფართოებას გეგმავს. როგორც BM.GE-ს PAUL Georgia-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერმა, თეა ჯიჯავაძემ განუცხადა, რიგით მე-7 ობიექტი “სითი მოლში” გაიხსნება.
“წყნეთის ფილიალს გამოარჩევს ის, რომ ბუნებაშია. ამასთან, აქვს განსხვავებული დიზაინი, პარიზული ელემენტებით. ახალ ფილიალში დამატებით 15 ადამიანი დასაქმდა, ჯამში კი ამჟამად ჩვენთან 200-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
1-ელი მარტიდან, წყნეთის ფილიალის გახსნასთან ერთად, მენიუ განვაახლეთ. ასორტიმენტში ბევრი ცვლილება გვაქვს, დავამატეთ ახალი კერძები. მომხმარებელს ვთავაზობთ ჯანსაღი კვების ასორტიმენტს, რომლითაც სიამოვნების მიღებისა და დაბალანსებული კვების თანხვედრაა შესაძლებელი. მოგეხსენებათ, ჩვენი რესტორანი არის როგორც საცხობი, ისე კაფე-საკონდიტრო. მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ფრანგულ პროდუქციას. ჩვენთან იმავე კრუასანს მიირთმევენ, რასაც პარიზის ქუჩებში, რადგან ჩვენი კრუასანის ტრანსპორტირება საფრანგეთის ყველაზე მსხვილი საწარმოდან ხდება, რომელსაც PAUL-ის საერთაშორისო ბრენდის ფრენჩაიზი ფლობს”,- აღნიშნა თეა ჯიჯავაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქში გაფართოების დასრულების შემდეგ, კომპანია ბათუმში განიხილავს განვითარებას.
“ჩვენი მე-7 ფილიალი იქნება “სითი მოლში” კიოსკის სახით წარმოდგენილი. გვაქვს გაფართოების დიდი გეგმები, რომელიც ამით არ სრულდება. ჯერჯერობით გვინდა თბილისი მოვიცვათ, რადგან ვფიქრობთ, რომ ბოლომდე არ გვაქვს ათვისებული. როგორც კი დავამთავრებთ თბილისში განვითარებას, აუცილებლად გავალთ სხვა ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი”,- აღნიშნა PAUL Georgia-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერმა.
BM.GE დაინტერესდა როგორია მოხმარების დინამიკა და თუ აისახა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ამ მიმართულებით, რაზეც თეა ჯიჯავაძე ამბობს, რომ მცირე პერიოდი დინამიკამ იკლო, თუმცა არა მნიშვნელოვნად და ამჟამად მომხმარებლების დინამიკა მზარდია.
„მიმდინარე მოვლენებს რა თქმა უნდა გავლენა ჰქონდა. მცირე პერიოდი მომხმარებლების დინამიკა დავარდა, თუმცა ერთგული მომხმარებლები გვყავს, რომლებიც 2016 წლიდან დადიან ჩვენთან და შესაბამისად, საგრძნობი შემცირება არ ყოფილა. ბოლო თვეებია მაღალი ზრდა გვაქვს. ამ მიმართულებით თებერვალში თვის ჭრილში 35%-იანი ზრდა იყო, მარტში კი 62%-იანი“,- ამბობს თეა ჯიჯავაძე.
ცნობისთვის, PAUL-ი 135-წლიანი ისტორიის მქონე ფრანგული ბრენდია. PAUL Georgia-ს ისტორია კი 2016 წელს, აბაშიძის ფილიალით დაიწყო.
