საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა – თურქეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 612.8 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 5 584.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 11.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 028.5 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 16.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ- ნოემბერში, 8 444.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (787.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (710.7 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (649.2 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 326.2 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 769.7 მლნ. აშშ დოლარი) და (1 589.1 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 714.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 193.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 846.2 მლნ. აშშ დოლარი).