4 ცვლილება, რომლითაც ზამთრის სევდას გაუმკლავდებით

უკვე ნოემბრის შუა რიცხვებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ადგილზე სინათლე კლებას 4 საათიდან იწყებს. ჩვენც რომ არ შეგახსენოთ, ფაქტია, მოკლე დღეები და სინათლის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს განწყობაზე… თუმცა სკანდინავიელები ამას სულაც არ განიცდიან და შესაძლებლობასავით უყურებენ, რომ იცხოვრონ უფრო ნელი და მყუდრო ცხოვრებით. ამგვარად, მათგან მაგალითის აღება ნამდვილად ღირს.
თანაც ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო, მთავარი იმ ფიზიკური სივრცეების ზამთრისთვის მომზადებაა, რომელშიც ცხოვრობთ და მუშაობთ. ზამთრით გაფუჭებულ განწყობას ბევრი სინათლითაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ, თუმცა არ იდარდოთ, მთლიანი სივრცის გადაკეთება არ დაგჭირდებათ, თუ ავტორ ქეთრინ მეის მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ:
1. გაანათეთ სივრცე სწორად
„ხელოვნური განათება მაინც ხელოვნური იქნება, რაც უნდა კაშკაშა იყოს ის. ამიტომ მაღალი სიმძლავრის ნათურებისა და ზედა განათებების ნაცვლად, იფიქრეთ მეტი თბილი ნათების დამატებაზე ლამპრების სახით. წელიწადის ამ დროს სინათლის ბუნებასთან იმუშავეთ. შექმენით განათების მყუდრო წერტილები ბნელ კუთხეებში, იმის ნაცვლად, რომ მთლიანად სიბნელის განათება ცადოთ“, — გვირჩევს მეი.
აქვე, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი მზის სინათლე მიიღოთ, თუნდაც ამისთვის ავეჯის გადაადგილება დაგჭირდეთ.
2. ცადეთ სანთლები
მართალია, სანთლებს ძირითადად განსაკუთრებულ დღეებში ვანთებთ, მაგრამ სკანდინავიაში ასე არ ხდება, ეს რაღაც განსაკუთრებული ან რომანტიკული კი არ არის მათთვის, არამედ ყოველდღიური აქსესუარია, სახლის განუყოფელი ნაწილი. მართალია, დიდად არაფერს ანათებს, მაგრამ სახლში სითბოს განცდა ნამდვილად შემოაქვს…
3. დაამატეთ ნათელი ფერები
როცა ზამთრისთვის თქვენი სახლის ფერებით გამოფხიზლებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ინსპირაცია ბუნებიდან მიიღოთ. ხშირად თბილ წითელსა და ყვითელ ფერს მიმართავენ და ამისთვის სულაც არ არის საჭირო, შობის მოსვლას დაელოდოთ.
4. გაანათეთ გარე სივრცე
ეს ამბავი, ალბათ, გრინჩებს არ მოეწონებათ, რადგან მეი იმ ადამიანების მხარესაა, რომლებიც სადღესასწაულო განათებებით სახლის მორთვას ნოემბრიდან იწყებენ. ეს განწყობას აუმჯობესებს და თუ ასეა, რატომ უნდა დაელოდოთ ახალ წელს?!
გამოდის, გარემოს შეცვლით განწყობაც უმჯობესდება
ცნობიერად თუ არაცნობიერად, ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რადიკალურად ზემოქმედებს ჩვენი ფიზიკური გარემო ჩვენსავე განწყობაზე. სწორედ ამიტომ ხარჯავენ სარგებელზე ორიენტირებული კომპანიები უამრავ ფულს კომფორტული ოფისების შესაქმნელად… ამიტომ, არ დააიგნოროთ ფიზიკური გარემოს ცვლილების სარგებელი, რადგან მცირე ძალისხმევით მეტად ბედნიერი და პროდუქტიული შეგიძლიათ გახდეთ, მიუხედავად იმისა, გარეთ ძალიან ცივა თუ არა…