პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ პოლონეთი რუსეთის საფრთხეზე საპასუხოდ ქვეყანაში ყველა ზრდასრული კაცის სამხედრო წვრთნასა და 500 000-კაციანი არმიის ჩამოყალიბებას განიხილავს. მისივე თქმით, პოლონეთს ბირთვულ იარაღზე წვდომის მოპოვება სურს.
ტუსკმა თქვა, რომ პოლონეთმა თავი ჩვეულებრივი ტიპის იარაღით არ უნდა შეიზღუდოს და ხაზი გაუსვა უკრაინის მაგალითს, რომელმაც ბირთვული არსენალი დათმო და ახლა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მსხვერპლი გახდა. მანვე დაამატა, რომ საფრანგეთთან ფრანგული ბირთვული შეკავების გაფართოებაზე “სერიოზულად ლაპარაკობენ”.
“უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ პოლონეთი ყველაზე თანამედროვე შესაძლებლობებისთვის უნდა ისწრაფოდეს ასევე ბირთვული იარაღების მხრივ და თანამედროვე უჩვეულო ტიპის იარაღების მხრივ”. – თქვა ტუსკმა.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთის ბირთვული შეკავების სხვა ქვეყნებზე გავრცელების შეთავაზებასთან დაკავშირებით მას ევროკავშირის სამიტის დროს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერი ესაუბრა.
პოლონეთის პრემიერმა ასევე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მასობრივი რაოდენობრივი ზრდის შესახებაც ილაპარაკა.
“ამ წლის ბოლომდე, გვსურს, რომ გვქონდეს მზა მოდელი, რომლითაც პოლონეთში ყველა ზრდასრული მამაკაცი ომისთვის გაწვრთნილი იქნება, ეს რეზერვი კი შესაძლო საფრთხეებისთვის საკმარისი იქნება”. – თქვა ტუსკმა.
გარდა ამისა, ტუსკმა დაამატა, რომ პოლონეთს ოტავას კონვენციის დატოვება სურს, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისა და კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას კრძალავს. მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება ამ კვრიაში ლიტვამაც მიიღო.
პოლონეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მზადების მიუხედავად, პოლონეთი ჯარისკაცებს უკრაინაში სამშვიდობო ხელშეკრულების სამეთვალყურეოდ არ გაგზავნიდა.
“პოლონეთის საქმე არის, რომ თავისი აღმოსავლეთ საზღვარი დაიცვას, რომელიც ასევე NATO-სა და ევროკავშირის საზღვარია”. – თქვა ტუსკმა.
ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ ეს პროგრამა არ გულისხმობს სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას, რომელიც პოლონეთში 2008 წელს გაუქმდა.
“ყველა ჯანმრთელ კაცს უნდა სურდეს ვარჯიში იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში თავისი სამშობლოს დაცვა შეძლოს. ამას იმგვარად მოვამზადებთ, რომ ხალხისთვის ტვირთი არ იქნება”. – თქვა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერმა დაამატა, რომ პროგრამაში მოხალისეობას ქალებიც შეძლებენ, მაგრამ “ომი კვლავ, უმეტესწილად, კაცთა სფეროა”.
სამხედრო პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებები ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინაში ომის მიმართ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას უკავშირდება.
“უკრაინასთან მიმართ აშშ-ს პოლიტიკაში ღრმა ცვლილებას ვხედავთ, მაგრამ მას ზურგს ვერ შევაქცევთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ მოგვწონს. ზუსტები და პატიოსნები უნდა ვიყოთ მისი მნიშვნელობისა და იმის შეფასებაში, თუ რა ემსახურება ჩვენს ინტერესს და რა არა”. – თქვა ტუსკმა.
ტუსკის თქმით, ტრამპის მხრიდან ევროპისა და NATO-ს მიმართ პოლიტიკის ცვლილების შემთხვევაში, პოლონელები არ დაიწყებენ ფიქრს, რომ “უძლურები და უსაშველოები” არიან.
“პოლონელები არ აირჩევენ იმ ფილოსოფიას, რომ ჩვენ სრულად უძლურები და უსაშველოები ვართ, თუ პრეზიდენტმა ტრამპმა პოლიტიკის ცვლილება გადაწყვიტა”. – თქვა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ ევროპა რუსეთის წინაშე უძლური არ არის და გამოთქვა აზრი, რომ ევროპას საკმარისი ეკონომიკური პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს.
“ჩვენი ნაკლი იყო მოქმედების ნების ნაკლებობა, თავდაუჯერებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ლაჩრობაც კი. თუმცა, რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინაშე უძლური იქნება. […] საკვირველია, მაგრამ მართალია. ამჟამად 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისგან დაცვას ევედრება, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში 50 მილიონი უკრაინელი ვერ დაამარცხეს”. – თქვა ტუსკმა.
თუმცა, ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი NATO-ს არ მიატოვებს.
“პოლონეთი არ იცვლის მოსაზრებას იმ საჭიროებაზე, აბსოლუტურად ფუნდამენტურ საჭიროებაზე, რომ აშშ-სთან და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან მაქსიმალურად ახლო ბმები უნდა შევინარჩუნოთ. ზოგადად, ეს უდავოა”. – თქვა ტუსკმა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალები 200 000 კაცისგან შედგება და NATO-ში რაოდენობის თვალსაზრისით რიგით მესამეა, აშშ-სა და თურქეთის შემდეგ.
ამასთან, პოლონეთი NATO-ს ქვეყნებს შორის თავდაცვაზე თავისი მშპ-ს ყველაზე დიდ წილს ხარჯავს – წლევანდელ ბიუჯეტში თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.7% აქვს გამოყოფილი.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობაში პრობლემები წარმოიქმნა – 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
მოგვიანებით, 3 მარტს ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა.
უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებაზე ინფორმაცია 5 მარტს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმაც დაადასტურა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეკამათება მოხდა.
ამასთან, რეტკლიფის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წინა დღით გავრცელებული განცხადების შემდეგ, მისი აზრით, უკრაინასთან სამხედრო და სადაზვერვო კუთხით აღებული პაუზა დამთავრდება და მხარეები მუშაობას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია NATO-ს წევრი ქვეყნები თავდაცვის სფეროსთვის არასაკმარისი ხარჯების გამოყოფისთვის. 7 მარტს მანვე თქვა, რომ აშშ არ დაიცავს NATO-ს წევრ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვაში საკმარისს არ ხარჯავენ.
წყარო: tabula.ge
