AI რევოლუციის ეპოქაში ყველა ცდილობს, საკუთარ ნიშას მიაგნოს და თან კონკურენტებისგანაც გამოირჩეოდეს… PepsiCo-ს Doritos კი ფიქრობს, რომ ეს ძალიან კარგად გამოუვიდა. Doritos Silent-ს გვაცნობს — „მსოფლიოს პირველ AI წასახემსებელს“. ახალი პროდუქტი ექსკლუზიურად გაერთიანებულ სამეფოში გამოუშვეს გეიმერებისთვის, რომელთანაც ბრენდი აქამდეც მეგობრობდა.
„დორიტოსისთვის თამაში მთავარია. ჩვენ ვიცით, რამდენად არის დაკავშირებული ხემსის ჭამა და გეიმინგი. ეს იმდენად მნიშვნელოვანი აუდიტორიაა ჩვენთვის, რომ მათ ვთავაზობთ გამოსავალს საუკეთესო სათამაშო გამოცდილების მისაღებად“, — აცხადებს მეტ უოტსონი.
როგორც ვიგებთ, გეიმერთა რიცხვი გლობალურად 3 მილიარდს აჭარბებს, მარკეტერებისთვის კი რთულია, ეს დააიგნორონ… რაც შეეხება დორიტოსის კამპანიის ინსაითს, აი ასე განმარტავენ: „ადამიანების უმეტესობას თამაშისას ჭამა უყვარს. თუმცა ამავდროულად ყურსასმენებიც უკეთიათ, რაც მათ სხვა გეიმერებთან აკავშირებს, რომელთაც სულ არ მოსწონთ ხრაშუნის ან სხვა ხმები, ამის გამო კი მათ დორიტოსზე უარის თქმა მოუწევდათ…“.
საპასუხოდ, დორიტოსმა AI მოდელი გაწვრთნა 5000 გამორჩეული ხრაშუნის ხმით. კიდევ სხვა AI მოდელთან ჰარმონიით კი, რომელიც ღეჭვის ხმას ამოიცნობს, ხრაშუნი აუდიო ვერსიებიდან წაიშლება — რეალურად ხმას გამოსცემს, მაგრამ სხვა გეიმერები ამას ვერ გაიგებენ.