„საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები დადიან პროცესზე იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომ რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალიან შემაშფოთებელია და არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.
პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ბელგიას კანონის უზენაესობა ქართველი ხალხისთვის არ ემეტება.
„ეს გამოჩნდა კიდეც, როდესაც ბელგიის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას, კრიმინალი კეზერაშვილის შერაცხვას მედიის გურუდ“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები და უცხო ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლების სასამართლო პროცესზე დასწრებები სასამართლო სისტემაზე ზეწოლას წარმოადგენენ.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრებას. მათ შორის გუშინ ვნახეთ, რომ იმყოფებოდა სასამართლოზე ლიეტუვის ელჩი — იმ ქვეყნის, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე და ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და სასამართლო პროცესზე ჯდება იმ მოსამართლეებთან, რომელსაც მისი ხელისუფლება ასანქცირებს. ელჩები არც იურისტები არიან, არც ქართული ესმით და არ მგონია, რომ თარჯიმანი ასე სწრაფად უთარგმნიდეთ, რომ პროცესიდან რამე შინაარსი გამოიტანონ. სხვა მხრივაც შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია. მათ დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება — ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება [მოსამართლისთვის], რომ რევიზორები აკვირდებიან და თუ ისე არ მოიქცევიან, როგორც მათ სურთ, სასჯელი მოჰყვება“, — განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი და ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მანამდე, ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ პროცესს ასევე დაესწრო საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.
