კონკურენციის სააგენტომ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე კონცენტრაციის თანხმობა გასცა – დეტალები

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
კერძოდ, საუბარია შპს „დომუს დეველოპმენტის“ მიერ შპს „დომუს სისაიდის“ 50%-იანი წილის შეძენაზე.
სააგენტოს შეფასებით, ეს კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
“ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზრის მოცულობა შეადგენდა 3 127 143 000 ლარს. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 300-მდე ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფი. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ – ჰირშმანის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე უტოლდებოდა 588.7 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის შედეგად კი HHI იზრდება მხოლოდ 2.23 პუნქტით 590.9 ერთეულამდე. ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციით გამოწვეული ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი – უმნიშვნელო.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს”,- აღნიშნავენ GCCA-ში.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად შპს „დომუს დეველოპმენტი“, რომელიც თავის მხრივ შპს “დომუს ჯგუფის” შემადგენლობაშია, უკვე ფლობდა შპს „დომუს სისაიდის“ 50%-ს, შესაბამისად, გარიგების შედეგად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდება. შპს „დომუს სისაიდში“ დანარჩენ 50%-ს შპს “სფრინგ კონსტრაქშენი” ფლობს.
შპს „დომუს დეველოპმენტის“ (ასევე შპს “დომუს ჯგუფის”) დირექტორი ალექსანდრე კორძახიაა. შპს “დომუს სისაიდის” დირექტორები კი ფრიდონ მჭედლიძე და ნიკოლოზ ბახტაძე არიან.
ინფორმაციისთვის, GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 4 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ამ ეტაპზე, 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.