ქვეყანაში უცხოური ვალუტა ძირითადად 4 გზით შემოდის. ესენია ტურიზმი, გზავნილები, ვალი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილ თანხებს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელიც სავაჭრო დეფიციტს აბალანსებს და ეროვნული ვალუტის სიმყარეს უზრუნველყოფს. ქვეყანაში უცხოურმა გზავნილებმა განსაკუთრებით 2022 წელს იმატა. ფულადი გზავნილების გადმორიცხვების ზრდა რუსი მიგრანტების შემოსვლამ განაპირობა. 2022 წელს გზავნილების წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 12-დან 15%-მდე შეადგინა. მიგრანტების ეფექტი აღარ მუშაობს, რის გამოც ბოლო 2 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობამ იკლო. ISET-ის წამყვანი ეკონომისტი დავით კეშელავა აცხადებს, რომ ახლა სტაბილიზაციის პერიოდია და რუსეთიდან გადმორიცხვების მაჩვენებლები რეალურ ნიშნულს უახლოვდება.
,,ჯამურად უცხოურმა ფულადმა გზავნილებმა 2023 და 2024 წლებში იკლო. ეს ძირითადად მიგრანტების ეფექტის ამოწურვით არის გამოწვეული. 2022 წელს თითქმის 86%-ზე მეტი ზრდა იყო 2021 წელთან შედარებით. ეს ზრდა ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან მოდიოდა, რადგან ძირითადად რუსი მიგრანტების მიერ საკუთარი თავისთვის გადმორიცხული თანხები იყო. მაგალითად, 2022 წელს 400%-ზე მეტით გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვები. ამ ეფექტის ამოწურვას აქვს ადგილი და ძირითადად ამის გამო იკლო გზავნილებმა ბოლო 2 წელში. ქვეყნების მიხედვით, რომ ვნახოთ დავინახავთ, რომ მსხვილი პარტნიორებიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში ყველაზე დიდი წილი აქვთ გზავნილებში, მხოლოდ რუსეთია, სადაც კლება გვაქვს. სავარაუდოდ, რუსეთიდან გადმორიცხვები სტაბილურდება და მაჩვენებლები რეალობას უახლოვდება.”- აცხადებს დავით კეშელავა.
რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება აშშ-დან განხორციელებულ გზავნილებში. შტატებს დღეს პირველი ადგილი უკავია.
,,რომ დავაკვირდეთ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკას, აშკარად იზრდება აშშ-დან გადმორიცხვები. ეს ქვეყანა თავისი წილით ხუთეულში თუ იკავებდა ადგილს, 2024 წლის მონაცემებით ყველაზე მაღალი წილით გამოირჩევა. რუსეთზე მაღალი წილიც კი აქვს და იტალიაზე მაღალი. ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი აქვს ბოლო წლებში. 2021 წლიდან მოყოლებული აშშ ნომერ პირველ პარტნიორად იქცა. ერთადერთი სადაც სტაგნაცია შეიმჩნევა ბოლო წლებში არის ან რუსეთი ან დსთ-ს წევრი ქვეყნები, საიდან გადმორიცხვებიც მიგრაციის თემას უკავშირდება.”- აცხადებს ISET-ის წამყვანი ეკონომისტი.
ბოლო წლებში საქართველო იმაზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე ქვეყანაში შემოვიდა. დავით კეშელავა განმარტავს, რომ მიგრაციის უარყოფითი სალდო რაღაც პერიოდის შემდეგ უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობას ზრდის. რაც შეეხება აშშ-დან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან მატებას, ეს მიგრაციით იხსნება. ბევრი ქართველი სწორედ შტატებში წავიდა სამუშაოდ.
,,მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ ქართველების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა იმ ქართველებთან შედარებით, ვინც შემოვიდა ქვეყანაში. მიგრაციის სალდო უარყოფითია და არა მარტო, ის რომ უარყოფითია, ძალიან დიდი რიცხვია. წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად ბევრმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე შემოვიდა. მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი რაღაც წლების ინტერვალში ყოველთვის იწვევს გზავნილების გაზრდას. ბოლო წლებში მიგრაციის ქვეყნად იქცა აშშ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს უვიზო მიმოსვლა შტატებთან. ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც შეუძლია ვიზა მიიღოს. ძირითადად არალეგალური გზებით ახერხებენ ქართველები ამერიკაში მოხვედრას. ეს უკავშირდება მიგრაციის პოლიტიკას, რომელიც შედარებით რბილი იყო აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ესეც ხელს უწყობდა მიგრანტების ნაკადების ზრდას.”- აცხადებს დავით კეშელავა.
ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საიმიგრაციო პოლიტიკა შედარებით რბილი იყო, თუმცა თეთრ სახლს ახლა ტრამპის ადმინისტრაცია მართავს. მისი პოზიცია საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ ცნობილია. ტრამპი ამ საკითხში ბევრად ხისტი და მკაცრია. დავით კეშელავას ვკითხეთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არალეგალურად ჩასულ ქართველებს შტატებიდან გამოუშვებენ? გარდა ამისა, დეპორტაციის საფრთხე შესაძლოა ევროკავშირის წევს ქვეყნებში მყოფ ქართველებსაც დაემუქროთ. პოლონეთიდან ქართველების გამოშვება ამ საფრთხის საფუძველს ქმნის. დავით კეშელავა აცხადებს, რომ მასიური დეპორტაციის შემთხვევაში ადამიანებს ჩამნაცვლებელი ქვეყნის მოძებნა მოუწევთ, თუმცა რამდენად უზრუნველყოფენ ეს ქვეყნები მაღალ ანაზღაურებად სამსახურებს, ამის თქმა რთულია. ეკონომისტი აცხადებს, რომ მასობრივი დეპორტაცია საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის გამოწვევა გახდება, რადგან ქვეყანა უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს დაკარგავს.
,,თუ მასობრივად მოხდება, მაშინ ორი ძირითადი საკითხია გასათვალისწინებელი. პირველი, როგორ მოხდება იმ ადამიანების ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაცია, ვინც ქვეყანაში დაბრუნდება. მეორე, მოახერხებენ თუ არა ემიგრაციაში წავიდნენ სხვა ქვეყნებში, სხვა ადგილები ნახონ, სადაც უფრო მარტივი იქნება მოხვედრა და მუშაობა. ამ ეტაპზე ისეთი ჩამნაცვლებელი ქვეყნები, სადაც მასობრივი დეპორტაციის შემთხვევაში მიგრაციის ნაკადების მიმართვა შეიძლება მოხდეს ნაკლებად ჩანს, რადგან ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მაღალი შემოსავლების მქონე სტაბილურ ქვეყნებზე. დანარჩენი არჩევანი ძირითადად არის ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც არასტაბილური ეკონომიკებით გამოირჩევიან. ვგულისხმობ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პოპულარული მიგრაციის თვალსაზრისით. მაგალითად, რუსეთი და თურქეთი. მასიური დეპორტაციის შემთხვევაში, რამდენად შეძლებენ ეს ქვეყნები მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჩანაცვლებას რთული სათქმელია. თუ შეძლებენ ნაკადები მაინც დაიკლებს, დიდი ალბათობით. ეს საკმაოდ საშიში პროცესი არის მაინც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. ერთის მხრივ უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა და სავაჭრო დეფიციტის დაბალანსება კიდევ უფრო რთული გახდება, თუკი გზავნილები დაიკლებს. მეორე მხრივ ეს ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება, რადგან მიგრანტების მიერ გადმოგზავნილი თანხების ნაწილი მიმდინარე მოხმარებისთვის იხარჯება. მიგრანტები ეხმარებიან ოჯახებს, რომლებიც ამ თანხებით მომსახურებასა და საქონელს შეიძენენ. მეორე მხრივ ეს თანხები განკუთვნილია საინვესტიციო თვალსაზრისითაც. უძრავი ქონების ბაზარზეც შეიძლება ამას ჰქონდეს გარკვეული გავლენა. თუკი მასშტაბური იქნება ეს პროცესი.”- აცხადებს დავით კეშელავა.
