მოსკოვი კვლავ აცხადებს, რომ “საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციამ და შემდგომი დემარკაციამ შეიძლება ხელს შეუწყოს „რეგიონში საერთო სიტუაციის გაუმჯობესებას“.
TASS-ის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების რუსმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში ვითარების შემდგომი გაუმჯობესებისთვის შეიძლება ხელშემწყობი იყოს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება და შემდგომი დემარკაცია. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 4-5 მარტს ჟენევაში გამართული კონსულტაციების შედეგად გამოქვეყნდა.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ჟენევაში მოსკოვმა აღნიშნა, რომ “ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობაში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ყოველწლიურად მიღებული საქართველოს უკიდურესად პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებზე”, ვინაიდან “აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლებს” მასზე დასწრების უფლება არ აქვთ.
გარდა ამისა, მოსკოვი კვლავ აცხადებს, რომ რადგან “შვეიცარიამ უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და შეუერთდა ევროკავშირის არალეგიტიმურ ანტირუსულ სანქციებს”, ჟენევის რეგულარული რაუნდები სხვა, ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილას უნდა იყოს გადატანილი.
