საპროტესტო აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი – ჩემი მიმალვის საფრთხე არ არსებობს

პროკურორებს მივმართავ, ჩემი მიმალვის საფრთხე არანაირად არ არსებობს , – ამ სიტყვებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მისი საქმის პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს მიმართა.
ბრალდებულის განმარტებით, მას მიმალვა მიზნად რომ ჰქონოდა, დაკავებამდე მიიმალებოდა.
“პროკურორებს მივამართავ, ჩემი მიმალვის საფრთხე არანაირად არ არსებობს. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს ოჯახს, მამაჩემს და დედაჩემს. საღამოს, 20:00 საათზე, მამამ დამირეკა, სახლში მოსულები არიანო, ამ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. ღამის 2:00 საათზე უნდა წავსულიყავი სამსახურში, მუსიკოსი ვარ. მე მქონდა შესაძლებლობა, ხომ ვიცოდი, რომ მომძებნიდნენ, შემეძლო წავსულიყავი თუნდაც, ქალაქგარეთ, ან მეგობართან, ამის მაგივრად, სახლში დავრჩი. სახლში მომაკითხეს და დამაკავეს”,- განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
მისმა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს დაკავებულის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
ამასთან, ავსაჯანიშვილმა სასამართლოს ჯავახიშვილის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის დაწესება შესთავაზა.
ასევე, ადვოკატმა ბრალდებულის ასაკზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ბრალდებულმა უთხრა, “მეშინია რომ იქ [ციხეში] დაავვადდები, რადგან ჰაერი არ არისო”.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ბაჩიაშვილმა გაქცევის ფორმით ივანიშვილი და მისი ძალოვანი სტრუქტურები დაამცირა – მას გარედან შეუძლია იმუშაოს რეჟიმის უფრო შესარყევად, ციხეში გაანადგურებდნენ, გაძარცვავდნენ, დაასახიჩრებდნენ ან მოკლავდნენ