კრივოშეევი: არ მახსენდება პარლამენტი, რომელიც ასეთ ცვლილებებს ამ მასშტაბით, ტემპით იღებდა

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ ეჭვი აღარ რჩება იმის თაობაზე, თუ რა მიზნები აქვს ბოლო პერიოდში საქართველოში მიღებულ კანონებსა და ცვლილებებს. მან ამ თემაზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.
“იმის შერჩევაც კი რთულია, საიდან დავიწყოთ. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს. საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, თითქოს მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის – არა.
ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია, ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას”- განაცხადა კრივოშეევმა.
მისი თქმით, თავდასხმის სამიზნე ხდება ყველაფერი, რაც ქართული ოცნების სურვილს ეწინააღმდეგება იმაში,რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ.
“ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა, თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
[ვხედავთ] როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას”- აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, ორგანიზაციას დოკუმენტირებული აქვს ასობით შემთხვევა, როცა ადამიანებს ცუდად მოეპყრნენ, სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, არ მისცეს ადვოკატებთან დაკავშირების უფლება, დააკავეს თბილისში ან სხვა ადგილას, და შემდეგ პროტესტის, დაკავების ადგილიდან შორს გაათავისუფლეს, დიდი ხნის განმავლობაში ოჯახებთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.
” ეს ძალადობრივია, ეს დანაშაულებრივია. ამისთვის, პოლიციამ, მათ ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამის ბრძანებებს გასცემს, პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს არ ხდება, ამას ვერ ვხედავთ. ამგვარად, ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე საკმაოდ შემაშფოთებელია. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ტენდენციას. უპირველესად, იმას, რომ ეს [დაპატიმრებული] ხალხი დემონსტრანტებს შორის შერჩევითადაა დაკავებული. არ არსებობს განსხვავება იმ ხალხს შორის, ვინც თუნდაც ძალადობდა, ან კანონს გადააბიჯა რამენაირად და ვინც იქ უბრალოდ, [ადგილზე] იყო.
მას შემდეგ, რაც პოლიცია აკავებს, მათ უხეშად ექცევიან. აპატიმრებენ, მიჰყავთ პოლიციის განყოფილებებში და შემდეგ უარს ეუბნებიან ადვოკატებთან კონტაქტზე. შემდეგი პროცედურებიც, სასამართლო პროცესები ძალიან სწრაფად ტარდება, როცა მოსამართლეები ისმენენ პოლიციელთა ჩვენებებს დაკავებულთა მხრიდან შესაძლო დანაშაულების შესახებ და იღებენ ამას, როგორც დადასტურებულ ფაქტს. პარალელურად, ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ მტკიცებულებას, დოკუმენტს იმისა, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სცემს, მათ უხეშად ექცევა, მათ ცხოვრებას ურთულებს ბევრი სხვადასხვა გზით…
ბევრი კი, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საერთოდაც საავადმყოფოში აღმოჩნდა და ეს ერთი შემთხვევა არაა. ათეულობით შემთხვევაც არაა. ძალიან საგულისხმო რიცხვებზეა საუბარი, რაც აჩვენებს, რომ ასე ექცევა პოლიცია დემონსტრანტებს. ბევრ ადამიანს აპატიმრებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული ხმა აქვთ. ამის გამო ეპყრობიან მათ ასე. ეს კი მიუთითებს, რომ ესაა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა იმისა, რომ დემონსტრანტებს, პროტესტის მონაწილეებს ასე, გამორჩეულად უხეშად, ძალადობრივად მოექცნენ. მათ, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ თავისი ქმედებებისთვის არ დაისჯებიან”- თქვა მან.