სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის, არც მოსამართლის აცილების შესახებ

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არც ამჯერად, უსაფუძვლობის გამო არ აიცილა.
დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ბაჩიაშვილის დისტანციურად დაკითხვის და მისი გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ლევან მახარაშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, რის საფუძვლადაც მოსამართლის ობიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვები დაასახელა. როგორც ის აღნიშნავდა, „ბრალდებულს შიში ჰქონდა, რომ სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისი უფლებების დაცვას“. როგორც ადვოკატმა განმარტა, „სასამართლომ ბაჩიაშვილის შიშები არ მოისმინა და მისი ლეგიტიმური ეჭვების გასაფანტად არაფერი გააკეთა“.
ამასთან, ადვოკატის თქმით, პროცესის საჯაროობაც რიგ შემთხვევებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მნიშვნელოვან მოწმეებზე სხდომები დაიხურა.
მახარაშვილის თქმითვე, ბრალდებულის უფლება დაირღვა, როცა მას სახელმწიფოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა.
აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. მიხეილ სადრაძის განმარტებით, შუამდგომლობას შესაბამისი საფუძვლები უნდა ჰქონდეს.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის განმარტებით, შუამდგომლობა რომელიც პროცესის გაჭიანურებისკენ მიემართება, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზეც, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული საქმის გარდა ბრალი კიდევ ორ საქმეზე – “მტკვარი ჰესის” და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აქვს წაყენებული.
“მტკვარი ჰესის” საქმეზე მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.