მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ბადრა გუნბასთან, სადაც პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა და აფხაზეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებზე ისაუბრა, ცხადყოფს, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს , – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
დავითაია საქართველოს ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გაკეთდეს შესაბამისი განცხადებები და დაფიქსირდეს მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.
“რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა მოქმედებს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანია ჩაატარა რუსეთის სპეცსამსახურებმა, ბადრა გუნბა იყო მათი კანდიდატი, მისი გამარჯვება რუსეთის სპეცსამსახურების და კრემლის გამარჯვებაა, რასაც ადასტურებს არჩევნებიდან უმოკლეს დროში მოსკოვში პუტინის შეხვედრა გუნბასთან. როგორც ჩანს, ბადრა გუნბამ აიღო ვალდებულება იმ პირობების შესრულებაზე, რაც სეპარატისტულ ხელისუფლებას ჰქონდა წაყენებული რუსეთის ფედერაციიდან.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთდეს შესაბამისი განცხადებები და დაფიქსირდეს მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს ის საფრთხეები, რაც კრემლიდან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით არსებობს”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
