შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით დატოვა, შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტი რუსული პასპორტით გაიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა „საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“ — აცხადებს შსს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს
აქამდე პროკურატურა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებდა. ორივეში მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია. ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 2.5 მილიონ-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო მტკვარი ჰესის ბრალზე – 50 000 ლარი. ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა. 4 მარტს მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ საქართველო დატოვა.
