საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN, შვეიცარია) საერთაშორისო შემეცნებით მასტერკლასს უმასპინძლა, რომელშიც თბილისის სხვადასხვა სკოლის STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული 40-ამდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოში მასტერკლასი, CERN/IPPOG (International Particle Physics Outreach Group) კოლაბორაციასთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, CERN/IPPOG კოლაბორაციის წევრის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
„საერთაშორისო ღონისძიება, რომლის მიზანს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და ფუნდამენტური კვლევებით დაინტერესება წარმოადგენს, ახალგაზრდებისთვის CERN-ის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის, ასევე, საკუთარი უნარების წარმოჩენისა და შეფასების უნიკალური საშუალებაა.
CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ფაკულტეტის პროფესორი თინათინ კაიშაური, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი, ამავე ცენტრის მკვლევარი, დოქტორი ბესიკ კეკელია და სხვა მოწვეული მკვლევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა გახსნეს.
ვიცე-რექტორი მასტერკლასის მონაწილე ახალგაზრდებს CERN-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების, IPPOG კოლაბორაციისა და საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, CERN-ის შემეცნებითი მასტერკლასები, პარალელური რეჟიმით, ევროპის ოთხ უმაღლეს სასწავლებელში – სპლიტის უნივერსიტეტში (ხორვატია), ბირთვული კვლევებისა და ბირთვული ენერგიის ინსტიტუტში (BAS, სოფია, ბულგარეთი), ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (სტამბოლი, თურქეთი) და კვიპროსის უნივერსიტეტში (ნიქოზია) იმართება.
როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, საქართველოში, CERN/IPPOG საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასის არეალი გაფართოვდა და თბილისის გარდა მას ოთხი ქალაქის – გორის, თელავის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტები მასპინძლობენ.
„CERN-ის საერთაშორისო შემეცნებითი პროექტი ახალგაზრდებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრში მიმდინარე კვლევებს გაეცნონ, თვალნათლივ დაინახონ ის შესაძლებლობები, რესურსები და პოტენციალი, რაც მათ ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ STEM და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესდებიან და თავიანთი მომავალ საქმიანობას მეცნიერებას დაუკავშირებენ. დღეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს, საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, უნიკალური შესაძლებლობა აქვთ გაიფართოონ თვალსაწიერი და მიღებული ცოდნა საქართველოს განვითარებას მოახმარონ, რადგან საზოგადოების სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია მეცნიერების გარეშე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც CERN/IPPOG კოლაბორაციის წევრია, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს და დაარწმუნოს, რომ თანამედროვე მსოფლიოს საყრდენი მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკაა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცერნის მასტერკლასები მეხუთედ ტარდება და სასიხარულოა, რომ წელს ამ შემეცნებითი ღონისძიების არეალი გაფართოვდა და, თბილისთან ერთად, ოთხ ქალაქში ტარდება. მასტერკლასებს საქართველოში უძღვება ბირთვული ინჟინერიის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი, რომელიც ამავდროულად არის IPPOG კოლაბორაციაში საქართველოს წარმომადგენელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დაინტერესება შემეცნებითი მასტერკლასების მიმართ არის ძალიან მაღალი, დარეგისტრირდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც გამოირჩევიან როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე, სწრაფვით ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო მასტერკლასი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც ახალგაზრდებს მეცნიერებისკენ გაუკვალავს გზას“, – აღნიშნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა მასტერკლასში მონაწილე მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო მასტერკლასი, STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის, CERN-ის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის უნიკალური საშუალებაა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ნაწილაკების ფიზიკის კვლევების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო გააგრძელებს მასტერკლასების მხარდაჭერას მომავალშიც, რათა ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს უნიკალური შესაძლებლობა ეზიაროს ახალ ცოდნას და მიიღოს მონაწილეობა CERN-ის სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტებში.
CERN-ის საერთაშორისო მასტერკლასის სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსანდრე შარმაზანაშვილი, რომელმაც ახალგაზრდებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის და IPPOG კოლაბორაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, წაუკითხა ლექცია თემაზე: „დეტექტორის ტექნოლოგიები“; პროფესორმა ჯუანშერ ჯეჯელავამ HEP და LHC ექსპერიმენტებზე ისაუბრა, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მკვლევარმა, დოქტორმა, ნიკო ცუცქირიძემ კი iSpy აპლიკაციების ტექნიკური მახასიათებლები და სპეციფიკაციები განიხილა.
მოზარდებთან მასტერკლასის პრაქტიკული სესიები სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მკვლევრებმა – შოთა ჩლაიძემ, გიორგი მირზიაშვილმა, ალექსანდრე ალიხანოვმა და ვლადიმერ დოლინსკიმ ჩაატარეს.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა ხუთივე ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, CERN-ის მეცნიერთან, დოქტორ ტადეჟ ნოვაკთან ერთად, ღონისძიების შედეგები ონლაინ კონფერენციაზე შეაჯამეს.
საქართველო 2019 წლიდან IPPOG კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრი-ქვეყანაა. CERN-ის მასტერკლასები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელსაც CERN/IPPOG-კოლაბორაცია წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობების მოზიდვასა და დაინტერესებას ფუნდამენტური კვლევებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
