ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებადამცველები 4 მარტს ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ აღნიშნულ სხდომაზე (მოსამართლე – ვიქტორ მეტრეველი) იმსჯელა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველები აცხადებენ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
„სასამართლომ მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის საფუძვლით, კიდევ ერთხელ სრულიად დაუსაბუთებლად მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება. ბრალდების მხარე ამ არგუმენტს კვლავ ამყარებდა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების ფაქტით, რომლის უკანონობის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იყო ამავე საქმეში, რომლებიც დაუშვებლად ცნო სასამართლომ. სასამართლომ პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდება არც კი მიუთითებდა, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.
დაცვის მხარემ იშუამდგომლა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით საკმარისი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარდგენილ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც პოლიციელზე თავდასხმად სასამართლომ არ შეაფასა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი, როგორებიცაა პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის გარტყმა არაერთხელ, თვალბუდის, ტუჩის დაზიანება, 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა და ა. შ. აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი.
სასამართლომ ასევე, იმსჯელა მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე და მიღებული გადაწყვეტილებით, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის 1 შუამდგომლობა, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან მოწმე ეთერ თურაძის ამოღებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად არ ცნო ბრალდების მხარის უკანონო და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გაცემული განჩინება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს მიეცა უფლება, მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან გამოითხოვოს პირდი, პერსონალური მასალა შეუზღუდავად. ამით, ირღვევა მისი საკუთრების, პირადი კომუნიკაციისა და პროფესიული საქმიანობის კანონითა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, მზია ამაღლობელის დაცვის მხარე გაასაჩივრებს წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის დაცვის უფლების გარეშე დატოვების თაობაზე 5 დღის ვადაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მზია ამაღლობელის უფლებების დასაცავად ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.
მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში.
მზია ამაღლობელის უფლებებს იცავენ:
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
· იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი;
· ადვოკატები, რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
მზია ამაღლობელი “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორია. 18 თებერვალს, 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ მან საკების მიღების გადაწყვეტლება მიიღო.
ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა მიიღო.
13 თებერვალს ამაღლობელის იურისტებმა, საქმეში ახალი გარემობებების გამოვლენის მოტივით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართეს. 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. 16 თებერვალს ყოლბაიას გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდა. თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად. ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.
