ბაჩიაშვილს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა საზღვრის უკანონო კვეთისთვის

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ საქართველო დატოვა, საზღვრის უკანონო კვეთის გამო, პროკურატურამ მესამე ბრალი წარუდგინა.
ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს.
ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა. უცნობი რჩება, როგორ მოახერხა მან ქვეყნის დატოვება. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ბაჩიაშვილის დაუსწრებლად იმსჯელებს.
აქამდე პროკურატურა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებდა. ორივეში მომჩივანი ა. ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 2.5 მილიონ ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო მტკვარი ჰესის ბრალზე – 50 000 ლარი.
ბაჩიაშვილი განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელით გაავრცელა, წერდა:
„მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ—საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა.
ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.“
რას ედავებიან ბაჩიაშვილს – მოკლედ
ბიტკოინების საქმეში პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან დიდი ოდენობით, კერძოდ, თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. ბრალის მიხედვით, ბაჩიაშვილმა ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი ბანკიდან მას უბრალოდ ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიო ჩანაწერებით, რომელიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს.
მტკვარი ჰესის საქმეში ბაჩიაშვილს ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.