აი ფაქტი: ქოლ-ცენტრის ქართული “იმპერია”

ავტორები: OCCRP, “აი, ფაქტი”, “სტუდია მონიტორი”, “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)”

მარსელ დეშამი კანადის მოქალაქეა, 60 წლისაა და ხის საწარმოში მუშაობს. მას თვეების განმავლობაში თაღლითები ატყუებდნენ. მისი ნდობა მოიპოვეს, დაარწმუნეს, რომ კრიპტოვალუტაში თუ დიდ თანხას ჩადებდა, მოგებაც ბევრი ექნებოდა. შემდეგ უთხრეს, რომ მისი ფული დაიკარგა.

სწორედ ამ დროს დაურეკა “მერი რობერტსმა” – ქალმა, რომელიც მარსელს მომდევნო თვის განმავლობაში კრიპტოექსპერტი ეგონა. მერი მას დაკარგული ფულის უკან დაბრუნებაში უნდა დახმარებოდა. ქალი თაღლითი აღმოჩნდა – სახელიც გამოგონილი ჰქონდა და ის პასპორტიც ყალბი იყო, რომელიც მარსელს მანამდე გაუგზავნა. მარსელი დაემუქრა, რომ კანადის პოლიციაში ჩივილს აპირებდა. ქალმა ხმამაღლა გადაიხარხარა.

„რა სასაცილო ხარ!“ – დაიყვირა მან მძაფრი აქცენტით. – „შენ ძალიან სულელი ხარ. თუნდაც კანადის, ალბერტას, ონტარიოს ან მთლიანი მსოფლიოს პოლიციას დაურეკო, ვერასდროს იპოვი ჩემს ნამდვილ პასპორტს, შე სულელო!“

„მერი რობერტსი“ მარსელს თბილისიდან ურეკავდა. მერი დარწმუნებული იყო, რომ მას ვერავინ იპოვიდა. მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ “მერიც” და მისი ნამდვილი პასპორტიც.

საქართველოში მოქმედი ამ თაღლითურ ინდუსტრიას 8 თვის განმავლობაში 32 სხვადასხვა მედიის ჟურნალისტი ვიძიებდით. შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს წყარომ მიაწოდა ორ ტერაბაიტამდე მოცულობის მასალა, სადაც თავმოყრილი იყო თბილისში მდებარე ქოლ-ცენტრიდან გაჟონილი მონაცემები: ოფისის დერეფნის სამეთვალყურეო კამერების კადრები, თაღლითების სამუშაო კომპიუტერების ეკრანის ჩანაწერები, ზარების აუდიო ფაილები. აქვე იყო ნახევარ მილიონზე მეტი შიდა დოკუმენტი გაცილებით დიდი საინვესტიციო თაღლითური ქსელიდან, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ისრაელში, კვიპროსზე, ბულგარეთში, სა და ესპანეთში.

შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასალა OCCRP-ს და საერთაშორისო მედიებს გაუზიარა. “აი, ფაქტი” როგორც OCCRP-ს ქსელის წევრი, ამ გზით ჩაერთო ქოლ-ცენტრების ამბის გამოძიებაში. სწორედ შვედი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალების გამოკვლევითა და ანალიზით მოვახერხეთ არამარტო მერის, არამედ მისი სხვა კოლეგების ნამდვილი ვინაობების პოვნა.

მერი და მისი კოლეგების სამსახურის ჩატში ჩანს, როგორ უწოდებენ ერთმანეთს “სკამერებს” – ანუ თაღლითებს. სამსახურის შიდა ჩატსა და ფოტოებზე ისიც ჩანს, როგორ აღნიშნავენ მსხვერპლებისთვის დანაზოგის გამოძალვას და მიღებულ თანხას მდიდრულ არდადეგებზე, სამკაულებსა და ქონებაში ხარჯავენ.

ყველა მათგანი იყენებს  საერთაშორისო ფსევდონიმებს – მერის თანამშრომლებს შორის არიან „ენტონი ადამსი“, „ალექსანდრ რიჩარდსი“ და „კარლ გრინი“. ისინი იყენებენ ყალბ პასპორტებს, რათა თავი ბრიტანელ, ამერიკელ ან ესპანელ საინვესტიციო მრჩევლებად გაასაღონ. სინამდვილეში ისინი ახალგაზრდა ქართველები არიან – უნივერსიტეტში ნასწავლი, ენების მცოდნე და კარიერული განვითარების პოტენციალით.

ჩვენ მხოლოდ თაღლითების ნამდვილი სახელები კი არ ვიცით, არამედ ისიც გავიგეთ, თუ რა სისტემით ძალავდნენ ფულს მსხვერპლებს. ვაკვირდებოდით, როგორ ზეიმობდნენ თითოეულ გადარიცხვას, რომელსაც მათი მსხვერპლები აკეთებდნენ, როგორ ხარჯავდნენ ფულს ძვირადღირებულ დასვენებასა და გართობაში; როგორ უბიძგებდნენ და აიძულებდნენ ერთმანეთს უფრო მკაცრი მეთოდები გამოეყენებინათ მსხვერპლებთან ურთიერთობისას, რათა მეტი თანხა გამოეძალათ.

გამოძიების ძირითადი მიგნებები:

  • გაჟონილი მასალებიდან ვიგებთ, რომ ქოლ-ცენტრები განთავსებულია მდიდრულ საოფისე შენობებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ თაღლითურ კომპანიებს ემსახურებიან მარკეტინგული ფირმები და ბანკები.
  • თბილისის შუაგულში მოქმედი ქოლ-ცენტრიდან ევროპელ, ამერიკელ და კანადელ მსხვერპლებს “სკამერებმა” 2022-2025 წლებში 35 მილიონ დოლარზე მეტი მოპარეს. 
  • საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრის უკან შპს A.K. Group დგას. კომპანიის ოფიციალური მფლობელი 36 წლის მერი შოთაძეა. ის მართავს უცხო ენების მცოდნე ახალგაზრდების ჯგუფს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად ძარცვავს.
  • აღმოჩნდა, რომ ამ პროცესს შოთაძესთან ერთად მართავს მისი ბიზნეს-პარტნიორი, 33 წლის აკაკი ქევხიშვილი.
  • A.K. Group ცდილობს საჯაროდ არსად გამოჩნდეს: არც ინტერნეტში აქვთ ინფორმაცია განთავსებული და არც აბრაა გამოკრული მათ ოფისებთან. თუმცა, კომპანიის წვეულებაზე გადაღებული და შემთხვევით საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოები ჟურნალისტებს ქოლ-ცენტრის თანამშრომლების ამოცნობაში დაეხმარათ.

ვრცლად აი ფაქტი