„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, „ბათუმელი მედროშე“, 56 წლის თემურ ქათამაძე, რომელიც პატიმრობაშია, შიმშილობის 48-ე დღეს, 4 მარტს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის უკვე 49 დღეა, შიმშილობს.
საიას თანახმად, თემურ ქათამაძე აღნიშნავს, რომ შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით გუშინ კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
საიას ცნობით, მას ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 2025 წლის 15 თებერვალს ჩაუტარდა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.
„ამ დროს მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე“, – წერს ორგანიზაცია.
„არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია“, – იუწყება საია.
18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს.
თემურ ქათამაძე ამ დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
თემურ ქათამაძე ბათუმის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე საქართველოს დროშით ხელში იდგა – ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან, ბოლო უწყვეტი აქციების ჩათვლით.
შიმშილობის შეწყვეტისკენ თემურ ქათამაძეს ბევრმა მოუწოდა, მათ შორის, დაკავებულმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმაც, 14 თებერვალს, როდესაც თავადაც ხანგრძლივი შიმშილობა შეწყვიტა. შეიქმნა ელექტრონული პეტიცია, რომელსაც უკვე 6 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს. ახალგაზრდა აქტივისტებმა ხელმოწერები შეაგროვეს უშუალოდ აქციაზეც. თუმცა ის შიმშილობას აგრძელებს.
თემურ ქათამაძე ასე ხსნის შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილებას: – „ბოლო 13 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის მიერ თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მიზანმიმართულად, მასობრივად საქართველოს მოქალაქეობის არმინიჭების გაპროტესტება”.
ფორუმი
