სახელმწიფო აფინანსებს და პროფსასწავლებლებზე მოთხოვნა ამის გამო გაიზარდა. დიდი მოთხოვნაა სამედიცინო და ბაგა-ბაღის აღმზრდელის სპეციალობებზე – „ორიენტირის“ დირექტორი

სახელმწიფო აფინანსებს და პროფსასწავლებლებზე მოთხოვნა ამის გამო გაიზარდა. დიდი მოთხოვნაა სამედიცინო და ბაგა-ბაღის აღმზრდელის სპეციალობებზე – „ორიენტირის“ დირექტორი
პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ზრდამ 10.3 % შეადგინა. საქართველოში 2024 წელს 122 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა. მათ შორის 75 საჯარო, ხოლო 47 კერძო იყო.
რამ განაპირობა მოთხოვნის ზრდა და სტუდენტების ნაკადის მატება? საკითხზე ,,კომერსანტი’’ საზოგადოებრივი კოლეჯ ,,ორიენტირის’’ დირექტორს ესაუბრა. რამაზი მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სახელმწიფომ პროფესიული განათლების დაფინანსება გადაწყვიტა. მისი თქმით, სტუდენტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა იმ პროგრამებზე, რომლებიც ფინანსდება. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამის გარეთ დარჩენილ პროფესიებს, მათზე მოთხოვნამ იკლო და კოლეჯი ამ პროგრამებზე დღეს თითქმის აღარ იღებს სტუდენტებს.
,,მოთხოვნა გაზრდილია. სახელმწიფო აფინანსებს და ამის გამო გაიზარდა. სტუდენტი აღარ იხდის სწავლის საფასურს. ხალხს უჭირს და სახელმწიფო შეეხიდა ხალხს. ამან გამოიღო შედეგი და პროფესიული განათლების მეტად პოპულარიზაცია მოხდა. უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო სრულად ფარავს გადასახადს. თუმცა, ის სპეციალობები, რომლებიც არ ფინანსდება მოთხოვნადი აღარ არის. მიღებები შეჩერდა ან ძალიან ცოტას ვიღებთ.’’- აცხადებს რამაზ მაჭარაშვილი.
კოლეჯში 5 პროგრამა ფუნქციონირებს. ჯამში სასწავლებელი 350-მდე სტუდენტს ამზადებს. ,,ორიენტირის“ დირექტორი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა სამედიცინო სპეციალობებზე, ფარმაცევტიკასა და ბაგა-ბაღის აღმზრდელზეა. რამაზ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ამ მიმართულებებზე სტუდენტების ნაკადის მატება დასაქმების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.
,,ძალიან დიდი მოთხოვნაა სამედიცინო სპეციალობებზე, ფარმაციაზე, რადგან დასაქმება მაღალია. სტუდენტების თითქმის 90% საქმდება. ასევე, მოთხოვნადია ბაგა-ბაღის აღმზრდელის სპეციალობა. გვაქვს ასევე კბილის ტექნიკოსის სპეციალობა. აქაც ძალიან გაიზარდა მოთხოვნა. ბევრი კოლეჯი ამ სპეციალობაში ვერ ამზადებს სტუდენტებს, რადგან რთულია. ფინანსებზეა დამოკიდებული. მასალების თანხაა საჭირო, რომ ყველაფერი შეიძინოს კოლეჯმა. მარტივად პოულობენ სამსახურს. ბაზარზე დიდი მოთხოვნაა პროფესიული განათლების მქონე კადრებზე. უმაღლეს განათლებასთან შედარებით ძალიან მაღალია. ხშირად გვიკავშირდებიან კომპანიებიდან, როდესაც სჭირდებათ კადრები. მოდიან ჩვენთანაც. ადამიანური რესურსები შემცირდა საქართველოში.’’- აცხადებს რამაზ მაჭარაშვილი.
საზოგადოებრივი კოლეჯ ,,ორიენტირი’’ სტუდენტებს 5 პროგრამას სთავაზობს, თუმცა ჩამონათვალს შესაძლოა მალე კიდევ ერთი მიმართულება მასაჟისტის პროფესია დაემატოს. ყველაზე მოკლე კურსი ერთწლიან სწავლებას მოიცავს და ის სპეციალისტებს საფინანსო სერვისებში ამზადებს. ფარმაცევტისა და საბავშვო-ბაღის აღმზრდელის სპეციალობაზე სწავლა 2 წლიანია. ექთნის პროფესიის დასაუფლებლად კი განათლების მიღების პროცესი 3 წელზეა გათვლილი.