პური არ გაძვირებულა, ფასი გავასწორეთ – ასოციაცია

„პურის ფასი არ გაძვირებულა…გავასწორეთ და დაუბრუნდა ძველ ღირებულებას“, – ამის შესახებ BM.GE-სთან პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ დღეს მომხმარებელს დახლების ნაწილზე გაძვირებული პური დახვდა. ფასის ზრდა გუშინ დოლიძემაც დაანონსა.
მისივე ინფორმაციით, მას დოკუმენტი აქვს, რომლის თანახმადაც პურის მცხობელთა ასოციაციას 1 წლის წინ ფასი “დააკლებინეს”. ის დასძენს, რომ ოთარ შამუგიამ, რომელიც 2023 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციას იკავებდა, სთხოვა სექტორს, რომ ფასი დაეკორექტირებინათ.
„პურის ფასი არ გაძვირებულა. მე მაქვს დოკუმენტი, რომ 1 წლის წინ ღირებულება 10 თეთრით დაგვაკლებინეს და ახლა ჩვენ გავასწორეთ ფასი, რადგან ვერ ეწვა წარმოება. აგერ სამი წარმოება გაკოტრდა. პურის ფასი მაღაზიაში კი არ შეიცვალა, არამედ გასაცემ ფასზეა საუბარი. გასაცემი ფასის კორექტირება ზოგჯერ სარეალიზაციო ფასზე არ აისახება. მაგალითად, თუ პურს მაღაზიებს 98 თეთრად ვაძლევთ, ისინი პურს 1.5 თეთრად ყიდიან. მეტ მოგებას დებს ვაჭრობა და ანუ რა ვუყოთ? ვაჭრობამ შეიძლება 50% მოიგოს და პურის საწარმოებმა 5 თეთრიც არ უნდა მოიგონ?
2023 წელს, ღარიბაშვილის პერიოდში შაქარზე ფასმა მოიმატა. მთავრობამ კომისია შექმნა და გადაახედინა ფასწარმოქმნები როგორ ხდება. შაქარზე, ცხიმზე და ბევრ პროდუქტებზე ფასები გაასწორეს, ანუ ფასებმა დაიკლო. შემდეგ, ოთარ შამუგია, რომელიც ჩვენი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, მოვიდა და გვითხრა, რომ იქნებ პურზეც გავაკეთოთ კორექტირება, რაც ხალხისთვის იქნება ძალიან კარგი. ჩვენ მაშინ გადავხედეთ, იყო საშუალება და ღირებულება 10 თეთრით შევამცირეთ. თუმცა, მე ვთვლი რომ იყო შეცდომა და ამ შეცდომას დღეს აღარ გვპატიობთ. იმიტომ, რომ პურზე ფასების წამდაუწუმ ცვლა, არასერიოზულობაა“, – ამბობს მალხაზ დოლიძე.
bm.ge-ის კითხვაზე, მაშინ მოგების მარჟა მთავრობის თხოვნით შემცირდა? პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენ მას მთავრობასთან ვაპირისპირებთ და რეალურად, პურის ფასის შემცირების თხოვნა, მთავრობის რეკომენდაცია იყო და არა მოთხოვნა.
ახლა, მთავრობის მეთაურმა რომ დაგირეკოთ და ფასის 15 თეთრით შემცირება გთხოვოთ, რას იზამთ?
– ვეტყვი, რომ ფასებს ვერ შევამცირებთ, რადგან გავკოტრდებით. აბა გავკოტრდეთ? ხელფასი ხომ უნდა დავარიგო”.