„Airbnb-ზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც ნიშნავს, რომ სასტუმროებზე მოთხოვნა იკლებს, ანუ ქვეყანაში გადახდისუნარიანი სტუმრები აღარ ჩამოდიან“- შოთა ბურჯანაძე

„ჩვენი ორიენტირი გადახდისუნარიან ტურისტებზე, სამწუხაროდ, დაკარგულია“, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ზამთრის ტურისტული სეზონის შეჯამებისას „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ზამთრის სეზონმა მოლოდინები ვერ გაამართლა. ბაკურიანს სიტუაციის გამოსწორებაში ზამთრის სპორტული ღონისძიებები დაეხმარა, ხოლო გუდაური – მეტწილად თოვლის გარეშე დარჩა, რამაც ტურისტების ნაკადი შეამცირა.
ბურჯანაძის დაკვირვებით, გაზრდილია Airbnb-ზე აპარტამენტების და ოთახების მოთხოვნა, რაც სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ძირითადად დაბალბიუჯეტიანი სტუმრები ჩამოდიან და ისიც მცირე დროით.
„თუ ტენდენციას დავაკვირდებით, სამწუხაროდ, ის მზარდი არ არის. მე ხშირად ვამბობ, რომ ზამთრის კურორტები შეგვიძლია ყველაზე მნიშვნელოვან საკურორტო მიმართულებად ვაქციოთ.
სეზონის დასრულებამდე დარჩენილ 2 კვირას ალბათ, უფრო ის ადამიანები გამოიყენებენ, რომლებიც თხილამურებით სრიალით არიან დაინტერესებული.
მათთვის ეს კარგი დროა, რომ ტურისტების სიმრავლისგან თავისუფლება იგრძნონ.
ზამთრის ტურისტული სეზონის შეჯამებისთვის შემიძლია ვთქვა, რომ როგორი სეზონიც გვინდოდა გვქონოდა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ერთადერთი გამონათება, ოლიმპიური ჩემპიონატის დროს იყო, როცა ბევრი უცხოელი, საერთაშორისო მასშტაბის სტუმრები მივიღეთ. ბაკურიანმა ამ კუთხით ცნობადობაც შეიძინა.
რაც შეეხება გუდაურს, სამწუხაროდ, იქ თოვლი არ იყო და სეზონი ამ კუთხითაც ჩავარდა. ტურისტული განვითარების კუთხით, გუდაურზე მოლოდინი უფრო დიდია და შესაბამისად, ზამთრის სათხილამურო ტრასები, რაც რეალურად იზიდავს ტურისტებს, შედარებით უკეთესია.
ამ არასტაბილურ ბიზნესგარემოში, შეუძლებელია სტაბილური ფასები დამყარდეს. ზოგადად, ზამთრის კურორტებზე ჯავშნები რამდენიმე თვით ადრე ივსება და როცა პროცესი ასე არ ვითარდება, სამწუხაროდ, ბიზნესს ლავირება სჭირდება. 2024 წლის ჭრილში სასტუმროებზე ფასები საშუალოზე დაბალია.
Airbnb-ზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც ნიშნავს, რომ სასტუმროებზე მოთხოვნა იკლებს, ანუ ქვეყანაში არა მხარჯველი სტუმრები ჩამოდიან.
სტუმრები მცირე დროით ჩამოდიან და შესაბამისად დიდი ფულის გადახდა არ უნდათ.
ჩვენი ორიენტირი გადახდისუნარიან ტურისტებზე, სამწუხაროდ დაკარგულია. ასეთი ტურისტები რომ ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში, შესაბამისი გარემო უნდა დავახვედროთ. ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს და ევროპის გინება, დასავლელი, მხარჯველუნარიანი ტურისტების ჩამოსვლას ხელს არ უწყობს“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში.