გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა.
ხვალ, 19 დეკემბერს ნენსი ფეზერი შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან გამართავს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას, “რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამების ინტენსიურ დანერგვას და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
“არსებული რეადმისიის მექანიზმების ეფექტურად გამოყენება იგეგმება იმ პირებთან მიმართ, ვინც არღვევს შენგენის ზონაში დადგენილ რეჟიმებს. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული შეთანხმებით არ იგეგმება დამატებით ახალი მექანიზმის შექმნა რეადმისიის მიმართულებით. ასევე არ იგეგმება ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც გულისხმობს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ პირთა საქართველოში დროებით განთავსებას, სანამ მათ მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული”. – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტამდე ნენსი ფეზერმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით უფრო გაძლიერდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის შესაზღუდად.
გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მომავალში არალეგალური მიგრაციის მუდმივ შემცირებას ისახავს მიზნად. უწყების ინფორმაციით, ამ კუთხით საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მათ შორის, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, 15.6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოლდოვის რესპუბლიკასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და მაროკოსთანაც.
ამასთან, გერმანული უწყების ცნობით, ხელშეკრულებით გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველებისთვის ახალი პერსპექტივები იქმნება.
“გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები სპეციალურად ფართოვდება, რათა ხელი შეუწყოს მესამე ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არასტაბილური სამუშაო ურთიერთობებიდან გასვლას. ამ მიზნით საქართველოსთან შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება”. – აღნიშნულია გერმანიის შსს-ს განცხადებაში. აქვე მითითებულია, რომ ქვეყნებს შორის გაძლიერდება თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაფართოებისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, 16 ნოემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა.
კანონმდებლების განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის შემცირებას ისახავს. უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიცირება ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების აპლიკაციები თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ უფრო სწრაფად განიხილება, რაც შესაძლებელს გახდის დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მთავარი კრიტერიუმი კი პოლიტიკური დევნის საფრთხის არარსებობაა.
ამასთან, 17 დეკემბერს გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, გერმანელი კანონმდებელი, იენს შპანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ყველა ახალი ლტოლვილი, “რომელიც ევროკავშირში არალეგალურად ხვდება”, გააგზავნონ განაში, რუანდაში, ან აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან – საქართველოსა და მოლდოვაში.
მესამე ქვეყანაში მიგრანტების გაგზავნის წინადადება გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) მიერ 11 დეკემბერს წარდგენილი ახალი პოლიტიკური პროგრამის პროექტში მიგრაციის კონცეფციის საფუძველია. შპანის განმარტებით, მიზანია მესამე ქვეყნებთან “შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლტოლვილები გაივლიან თავშესაფრის მიღების პროცედურებს და შეეძლებათ იქ უსაფრთხოდ დარჩენა, თუ მათ დაცვას მიანიჭებენ”.
აღსანიშნავია, რომ გერმანია არაა ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელიც არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით მსგავსი პოლიტიკის მომხრეა. 31 მაისს Politico წერდა, რომ დიდი ბრიტანეთი მოლდოველი მიგრანტების დაბრუნების ახალ სქემაზე კიშინიოვთან მოლაპარაკებებს იწყებდა. გამოცემის ინფორმაციითვე, სუნაკს უნდა გამოეცხადებინა საქართველოსთან მსგავსი შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებითაც.
ამასთან, გაერთიანებულ სამეფოში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. რუანდის კანონპროექტის განხილვაც, რომლის ძალაში შესვლის შემთხვევაშიც, ქვეყანაში არალეგალური გზით შესულ თავშესაფრის მაძიებლებს რუანდაში გაგზავნიან. კანონპროექტს 12 დეკემბერს პირველი მოსმენით პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.
“ბრიტანელებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ მოვა ამ ქვეყანაში – არა კრიმინალურმა ბანდებმა ან უცხოურმა სასამართლოებმა. ეს არის ის, რასაც ეს კანონპროექტი მოგვცემს. ჩვენ ახლა ვიმუშავებთ, რომ ის კანონად ვაქციოთ, რათა რუანდისკენ ფრენები დაიწყოს და ნავების მოძრაობა შეჩერდეს”. – დაწერა პარლამენტში გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა.