თებერვალში საქართველოში 2.4%-იანი ინფლაცია იყო

2025 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა – საქსტატის ანგარიშის თანახმად, ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში ფასების 3.7%-იანმა ზრდამ. ასევე გაზრდილია ჯანდაცვის სექტორის ფასები და ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (15.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (11.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), თევზეული (1.2 პროცენტი) შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (0.1 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (7.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (3.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (26.3 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.3 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.3 პროცენტი);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.45 პროცენტული პუნქტით აისახა.