„კომპანიასთან დიალოგი არ გვინდა“ – ჭიათურის მაღაროელები 5 მოთხოვნით მთავრობას მიმართავენ

ჭიათურის მაღაროელები, “ქართული ოცნების” მთავრობასთან და მის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ჭიათურის ცენტრში რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ მაღაროელებმა, დღეს მოთხოვნები გააჟღერეს, რომელიც ჭიათურის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მართვაში სახელმწიფოს სრულ შესვლას ითვალისწინებს. საპროტესტო აქციების მონაწილეებს მთავრობისადმი 5 ძირითადი მოთხოვნა აქვთ.
საქმე ის არის, რომ ნოემბრიდან ჭიათურის მაღარომ და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა აპრილამდე შეაჩერა. დასაქმებულებს კი ყოველთვიურად ხელფასის 60% უნდა მიეღოთ. როგორც BM.GE-სთან მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აღნიშნავს, კომპანიის დასაქმებულებს ხელფასები არასტაბილურად ერიცხებათ, რაც მათ მიერ საბანკო ვალდებულებების მომსახურებას ურთულებს.
დღეს, ჭიათურაში გამართულ აქციაზე დასაქმებულებმა განაცხადეს, რომ კომპანიასთან საუბარი აღარ სურთ და მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
„ჩვენ კომპანიასთან არანაირი დიალოგი არ გვინდა. პირველი ჩვენი მოთხოვნაა, მთავრობასთან შეხვედრაა… მთავრობის იმ მინისტრებთან და წევრებთან შეხვედრა, რომლებსაც ჩვენი შემდეგი მოთხოვნების გადაწყვეტა შეუძლიათ:
1. უნდა წავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ უნდა გადაიბაროს ჭიათურაში… მისი ნებაა ზესტაფონი და ვარციხე, სამთო წარმოება – ეს ჩვენი უპირველესი მოთხოვნა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რომ საავადმყოფო და ძალიან ბევრი ისეთი რამ არ გვაქვს, რაც ჭიათურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის მფლობელობასა და მართვაზე… და არა 22% საშემოსავლო, ზედამხედველობა და სპეციალური მმართველობა. ფიქტიური რაღაცები ჩვენ არ გვაინტერესებს. მსგავსი საჭიროებები სახელმწიფოსთან უნდა წყდებოდეს. მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს ჩვენთან – დასაქმებულებთან და ჩვენ შევუქმნით მატერიალურ დოვლათს.
კომპანია მაღაროების გაშვებას აღარ აპირებს და ეს პროფკავშირმა იცის, ამიტომაც გაიქცნენ აქედან.
შეიქმნება დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც მაღაროების შიდა საქმეებს აკონტროლებს ყველა დასაქმებულთან ერთად, საგარეო საქმეებს – გაყიდვებია თუ სხვა მთავრობა მიხედავს.
2. ჩვენ, ჩვენი შვილების განვითარება და ღირსეული მომავალი გვინდა. ამისთვის, გუშინ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, სახელმწიფო აქ რომ შემოვა ისე კი არ უნდა მოიქცეს, როგორც მას უნდა და ჩვენ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ, ჩვენი კარნახით უნდა მოიქცეს, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ რა ფული უნდა დარჩეს ჭიათურაში, რას უნდა მოხმარდეს და რა უნდა წავიდეს ცენტრალურ ბიუჯეტში. ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა იქნება ასეთი – როდესაც აღდგება მუშაობა, ჩავდგებით ფორმაში, მივაღწევთ იმ პირველ პირობას რაც გვაქვს, აქ მოპოვებული მანგანეზი, რომ გაიყიდება ბაზარზე, უნდა შეიქმნას ფონდი და აღებული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რაც უნდა გადანაწილდეს ამ ბავშვებზე ყველაზე თანაბრად, დაუგროვდეთ მათ სრულწლოვანებამდე და სრულწლოვანები რომ გახდებიან მათ თავისი ფული უნდა ჰქონდეთ, აიღონ ეს ფული და თავის განვითარებას მოახმარონ.
3. ჭიათურის სოფლებიდან ქალაქის მიმართულებით უნდა ემსახურებოდეს ტრანსპორტი. მძღოლს უნდა ჰქონდეს ხელფასი და საწვავი და ადამიანები არ უნდა იხდიდნენ ფულს. ეს აბსოლუტურად მისაღებია, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიმდიდრის და დოვლათის მქონე ქალაქში ვცხოვრობთ.
4. ჭიათურაში დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილება, კანონის ფარგლებში მათი მოთხოვნის ფარგლებში. ეს ზოგადი ფორმულაა, რაც დაზარალებულმა მოსახლეობას სახელმწიფოსთან უნდა ჩაშალოს. ეს ეხება შუქრუთელს, ითხვისი იმარხება, დარკვეთი, მღვიმევი და კიდევ რამდენიმე სოფელი, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ეს ეკოლოგიაზე არ მითქვამს, დაზარალებულ მოსახლეობაზე ვსაუბრობ.
5. მთავრობის მიმართ გვაქვს მოთხოვნა მიხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას… სად, როგორ და რა დოზით უნდა ხდებოდეს ღია კარიერული მოპოვება და რეკულტივირება…“, – განაცხადეს პროტესტის მონაწილეებმა და ყველა საკითხს აქციაზე უყარეს კენჭი.
პროტესტის მონაწილეებმა ხვალ მასშტაბური აქცია დააანონსეს, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრებად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან მოსახლეობას ტრანსპორტი უფასოდ ჩაიყვანს.
აქციის მონაწილე და ერთ-ერთი სპიკერი ტარიელ მიქაცაძე BM.GE-ის პასუხობს, რომ ადგილობრივ მერიასთან ბოლო კომუნიკაცია 23 იანვარს ჰქონდათ, რა დროსაც მოსახლეობის მძიმე ფინანსურის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და იმერეთის მხარის რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან შეხვედრა ითხოვეს.
„გვითხრეს რომ ორი კვირის წინ უნდა ყოფილიყო შეხვედრა, მერე გადაიდო, მერე სტიქიის მიზეზით გვითხრეს რომ ყველა იქაა წასულიო და მივხვდით, რომ გვატყუებდნენ.
ახლა აღარ გვინდა რწმუნებულის ჩართულობა, რადგან ეს ძალიან ცოტაა უკვე, რადგან საპროტესტო აქციებზე მთელი ქალაქი გამოდის. საქართველოს მთავრობას უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ სახარბიელო მოლოდინები არ გვაქვს“, – აღნიშნა ტარიელ მიქაცაძემ.