ხელისუფლებამ კომპანია „ქართულ ცემენტს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიმიტი გაუზარდა. წიაღის მოპოვების ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილება მთავრობის 28 თებერვლის განკარგულებაში გაიწერა.
წიაღისეულის მოპოვების გაზრდილ მოცულობაზე, რაც ჯამში 287 630.4 კუბური მეტრია, „ქართულმა ცემენტმა“ ბიუჯეტში 412 687 ლარი უნდა გადაიხადოს. ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
დოკუმენტის მიხედვით, მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცა უფლება „ქართულ ცემენტზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანჯი-გაზლოს მიმდებარედ, „სასარგებლო წიაღისეულის „ლეჟბადინის“ ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების #10000963 ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებელი ოდენობა, ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე – 2025 წლის 24 ოქტომბრამდე, განსაზღვროს 718 414.5 კუბური მეტრის ოდენობით“.
ცნობისთვის, „ქართული ცემენტი“ საქართველოში ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია 2024 წლის სექტემბრამდე ბაზარზე „ჰაიედლბერგცემენტ ჯორჯიას“ სახელით ოპერირებდა და ერთ-ერთი მსხვილი გერმანული ბრენდი იყო ქვეყანაში.
გერმანული Heidelberg Materials-ი კომპანიაში 45%-იან წილს ფლობდა და ის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჯგუფმა “ჰანიველ პარტნერსმა” გამოისყიდეს. მაშინვე გაცხადდა, რომ კომპანია გარკვეული პერიოდით შეინარჩუნებდა ჰაიდელბერგ ცემენტის ბრენდის სახელს, შემდეგ კი ბაზარზე ახალი ბრენდით წარდგებოდა. ამ ცვლილების ფარგლებში კომპანია 2024 წლის აგვისტოდან მომხმარებელს პროდუქციას “ახალი ჰანიველ ცემენტის” სახელით სთავაზობს.
