„აპრილში უძრავი ქონების გადასახადი გვიწევს, რომელსაც ნულოვანი დანაზოგით ვხვდებით. სასტუმროს დატვირთულობა 25%-მდეა“ – Step Inn Kazbegi

,,მიკვირს, რომ გარკვეული ობიექტები კიდევ არიან ბაზარზე და საქმიანობენ“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ Step Inn Kazbegi-ს მფლობელმა, ანი ალიბეგაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გასული კვარტალი მთის სასტუმროებმა სრული ჩავარდნით დაასრულეს ახლა კი დატვირთულობა 25%-მდეა.
ალიბეგაშვილი გვიყვება, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში იძულებულები არიან ტარიფები ქართველ დამსვენებლებს მოარგონ, რადგან მხარჯველუნარიანი დასავლელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან უკვე თავს იკავებენ.
„ტურისტების რაოდენობას წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს თუ შევადარებთ, საგრძნობლად ნაკლებია. შარშან გვქონდა იმის საშუალება, რომ ნულოვან ნიშნულზე გავსულიყავით და თანამშრომლები შეგვენახა, წლევანდელი წელი კი კატასტროფულია. უკვე 4 თვეა, ამ ნიშნულზე ვერ გავდივართ- ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი სრული ჩავარდნა იყო და ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აპრილში უძრავი ქონების გადასახადი გვაქვს, რომელსაც ნულოვანი დანაზოგით ვხვდებით. სასტუმროების დატვირთულობა 15-იდან 25%-მდე მერყეობს, სასტუმროს შესანახად კი 40%-ი მაინც გვჭირდება.
ასევე, თვალშისაცემია ფასდაკლებები, რომელმაც ქართველი დამსვენებლები უნდა მოიზიდოს. ჩვენი მოქალაქეების გადახდისუნარიანობა საკმაოდ დაბალია, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ყველა დაზოგვის და დაკვირვების რეჟიმზეა, არავინ იცის, წინ რა ელოდება. ეს ყველაფერი საშუალო და მცირე ბიზნესისთვის ძალიან დიდი დარტყმაა, მსხვილმა ბიზნესმა სეზონიდან გამომდინარე შეიძლება, როცა თანხა ჰქონდა, მეტი დანაზოგი განახორციელა, თუმცა სესხების გადახდა, თანამშრომლების შენახვა და ყველა ხარჯების გასტუმრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
მიკვირს, რომ გარკვეული ობიექტები კიდევ არიან ბაზარზე და საქმიანობენ.
აპრილის ჯავშნებიც არ არის იმედის მომცემი. წინასწარი ჯავშნების გაკეთება ძირითადად ევროპელ და ამერიკელ ტურისტებს ახასიათებთ, ფინანსურად ძლიერ სტუმრებს. მათი ცხოვრების სტილი განსხვავებულია და წინასწარ უნდა ჰქონდეთ გაწერილი გრაფიკი, ასევე უნდა იცოდნენ სად მიდიან და იმ ქვეყანაში როგორი სიტუაციაა. რადგან ჯავშნები შემცირებულია, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ წლევანდელი წელს საქართველოში მნიშვნელოვნად მოიკლებს ტურისტების ის სეგმენტი, რომელზედაც ვპოზიციონირებდით და ჩვენი სამიზნე ჯგუფი იყო.
ევროპელები გარდა იმისა, რომ თავიანთ შვებულებებს წინასწარ გეგმავენ, ასევე ეცნობიან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. როდესაც მათი მთავრობა განაცხადებს, რომ უცხო ქვეყანაში არ არის სტაბილური მდგომარეობა და გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, თავს იკავებენ მოგზაურობისგან“,- თქვა ანი ალიბეგაშვილმა.