გაფიცულ ტაქსის მძღოლებთან თანამშრომლობას ქართული კომპანია “რაში” იწყებს

“იანდექსი” და “ბოლტის” ტაქსის გაფიცულ მძღოლებთან თანამშრომლობას ქართული ტაქსის გამოძახების კომპანია “რაში“ იწყებს. ამის შესახებ BM.GE‑სთან ინტერვიუში “რაშის” დამფუძნებელმა, ნოდარ ლაცაბიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მათ პასუხისმგებლობა აიღეს, რომ გაფიცულ მძღოლებს უკეთეს სამუშაო პირობებს შესთავაზებენ. როგორც “რაშის” დამფუძნებელმა აღნიშნა, მათი კომპანიის მიზანი, მხოლოდ ქართველი ტაქსის მძღოლების დასაქმება იქნება, ვინაიდან უცხოელი ტაქსის მძღოლების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, ქართველი ტაქსის მძღოლები არასათანადო პირობებში იმყოფებიან.
საქმე იმაშია, რომ გუშინ, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე “ბოლტის”, “მაქსიმისა” და “იანდექსის” ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ტაქსის კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ.
„ჩვენი თანამშრომლობა ტაქსის მძღოლებთან ოფიციალურად უკვე შედგა. კონკრეტული სამუშაო ჯგუფი იქნება გამოყოფილი, რომელიც კომპანიაში მძღოლების ინტერესების გამჟღერებელი და გამტარებელი იქნება. ჩვენც, როგორც კომპანია „რაში“, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დავიცავთ მათ ინტერესებს. იქნება საბონუსე სისტემა. ამასთან, მომსახურების საკომისიოც მძღოლებთან შეთანხმებული იქნება. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს.
მასობრივად უცხოელი მძღოლების დასაქმება არ გვინდა, რადგან ამან ქართველი მძღოლებთან არასათანადო პირობებში ჩაყენება გამოიწვია. პირველ ეტაპზე, საუბარია 500 მძღოლის დაპარტნიორებაზე, რომლებიც „ბოლტიდან“ და „იანდექსიდან“ ჩვენთან გადმოვლენ და დასაქმდებიან“, – ამბობს „რაშის“ დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კომპანიაში თბილისის მასშტაბით 1800 ტაქსის მძღოლია რეგისტრირებული. თუმცა რაოდენობის 4000-მდე გაზრდა იგეგმება.