თბილისში საკორპუსე მიწის ნაკვეთები დეველოპერებისთვის ფაქტობრივად აღარ არის, – ამის შესახებ brokeri.ge-ის მმართველმა პარტნიორმა, ილია ინაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, საინვესტიციოდ მიწის ნაკვეთზე მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, არ შენელებულა, რაც ბუნებრივია, რომ მის გასაყიდ ღირებულებაზეც აისახა.
„თუ ვისაუბრებთ კომერციულ მიწის ნაკვეთებზე, საინვესტიციოდ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნის ზრდა არ შეჩერებულა. შესაბამისად, ეს ფასებზეც აისახა. ამიტომაც თბილისში საკორპუსე მიწის ნაკვეთები დეველოპერებისთვის ფაქტობრივად აღარ არის და ძნელი მოსაძიებელია“, – ამბობს ილია ინაშვილი.
ინფორმაციისთვის, მიწის ნაკვეთების ბაზარზე ფასები მზარდია. ბროკერების ნაწილი აღნიშნავს, რომ თბილისის შემოგარენში რიგ არეალებში 1 კვადრატული მიწის ღირებულება თითქმის გახუთმაგებულია. მიზეზი მწირი მიწის ფონდი და მზარდი მოთხოვნაა, რომელსაც მიწოდება ჩამორჩება. იკლებს საინვესტიციო მიწების რაოდენობაც, რაც ამ კატეგორიის ნაკვეთებზე ასევე ფასების ზრდას იწვევს. ამასთან, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ უძრავი ქონების, არამედ მიწის ნაკვეთების ბაზარზეც აისახა. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთების მიმართ ინტერესი მაღალია, თუმცა მოქალაქეები მიწის აქტივში ფულის დაბანდებისგან ქვეყანაში შექმნილი გაურკვევლობის ფონზე უმეტეს შემთხვევაში თავს იკავებენ.
