ბოლო პერიოდში სასტუმროების გაყიდვის შემთხვევები გაზრდილია. ინტერნეტ სივრცეში და უძრავი ქონების სააგენტოების ვებგვერდებზე შესაბამისი განცხადებების მოძიება რთული აღარ არის. სასტუმროები იყიდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი წილი კახეთზე მოდის.
კითხვაზე – ეს ტენდენცია ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად არის გააქტიურებული თუ არა, უძრავი ქონების აგენტები აღნიშნავენ, რომ ზრდა შეინიშნება. კომპანია RENTALS-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი ამბობს, რომ სასტუმროების გაყიდვაზე მომართვიანობა მათ კომპანიაშიც გაიზარდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი არასტაბილური გარემო და შემცირებული ტურისტული ნაკადებია, რასაც ბიზნესი ვეღარ უმკლავდება.
ერისთავი საუბრობს კიდევ ერთ დაკვირვებაზე. მისი თქმით, გაიზარდა მოთხოვნა სასტუმროების საოფისე სივრცეებად გადაკეთებაზეც, რაც გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესი ეძებს მიმართულებას, რომელიც ნაკლებად ზარალიანი იქნება.
“გიდასტურებთ, რომ მომართვიანობამ იმატა სასტუმროების გაყიდვის თაობაზე, ესენი ძირითადად თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროებია, ასევე იყიდება სასტუმროები რეგიონებში, განსაკუთებით კახეთში. ამ ყველაფრის მიზეზი ალბათ არის ის, რომ მათთან სტუმრიანობამ იკლო. ასევე არის კითხვები თბილისში სასტუმროების ოფისებად გადაკეთებაზე, ამის მიზეზიც, ალბათ ისაა, რომ სასტუმრო არ მუშაობს. ბიზნესებს მაღალი ფიქსირებული ხარჯის გადახდა უჭირთ და ფიქრობენ ალტერნატიული ფუნქცია მოუნახონ თავიანთ ქონებას.
სასტუმროს გადაკეთება საოფისე ფართად ძალიან რთული პროცესია. არაერთხელ გვქონია სხვადასხვა მეპატრონესთან ამაზე საუბარი, რადგან ამ შემთხვევაში ყველა ოთახს აქვს თავისი სანიტარული კვანძი, არის ფართის დანაკარგი, შესაბამისად, არავის არ სჭირდება 40 ოთახი, 40 სანიტარული კვანძით. შესაბამისად, იგივე ფართს ბევრად უფრო ეფექტიანად მოძებნის ქალაქში ადამიანი. კაპიტალ დანახარჯს რაც შეეხება, ძალიან დიდი ხარჯია სასტუმროს ოფისად გადაკეთება”, – აღნიშნა RENTALS-ის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ერისთავმა.
