პენსია და მასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემაა. საქართველოში პენსიის მიმღებთა შორის 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი – კაცი. სხვაობა საკმაოდ დიდია. გამომწვევი მიზეზები კი სხვადასხვა, მათ შორის ასაკობრივი ზღვარიც, რითაც ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი განისაზღვრება. ამ კუთხით თანასწორობა დაცული არაა. თანაც, თუ სტატისტიკას დავეყრდნობით, მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქალების.
არის თუ არა მოქმედი საპენსიო ასაკი თანასწორობის დარღვევა და დისკრიმინაციული დამოკიდებულება? რა ლოგიკაა, რომ კაცი, რომელიც საშუალოდ სტატისტიკურად ქალზე ბევრად ნაკლებს ცოცხლობს, უფრო გვიან გადის პენსიაზე?
ამ საკითხთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე ეკონომიკური დარგის ექსპერტს სოსო არჩვაძეს ესაუბრა. მისი განცხადებით საპენსიო ასაკის ქალისთვის ნაადრევად მინიჭება მსოფლიოში აპრობირებულია. ეს უპირატესობა მათ სხვადასხვა მიზეზების გამოაქვთ.
,,რამდენადაც ვიცი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალები უფრო ადრე გადიან პენსიაზე, ვიდრე მამაკაცები. კრიტერიუმს ბევრი მიზეზი განსაზღვრავს. მათ მეტი დატვირთვა აქვთ, თუმცა სტატისტიკა იმასაც გვეუბნება, რომ ქალები უფრო მეტ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე კაცები.
რაც შეეხება საშუალო საპენსიო ასაკის დადგენას, აქ უნდა შეისწავლონ როგორია მოსახლეობის სამუშაო ძალის დტვირთის სიმძიმე. იგულისხმება პენსიონრებისა და ბავშვების რაოდენობის თანაფარდობა შრომისუნარიან ასაკის მოსხლეობასთან. მოგეხსენებათ, ჩვენთან შრომისუნარიანი ადამიანების რიცხვი ისე არ იზრდება, როგორც პენსიონრების. იმისათვის, რომ თანაფარდობა იყოს, აუცილებელია 100 პენსიონერზე 280-320 დაქირავებულ-დასაქმებული მოდიოდეს. ჩვენთან კი, საშუალოდ, 115-120-ია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
დასაქმებლის მაჩვენებლის ზრდა თუ არ გვექნება, სიტუაცია არ გამოსწორდება. მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და შობადობის წახალისება აუცილებელია, რომ შემდგომაში ახალგაზრდა თაობა წამოვიდეს. ახლა, ისეთი მდგომარეობაა, რომ საპენსიო ასაკის შემცირებაზე კი არა, გაზრდაზე შეიძლება დაგვჭირდეს ფიქრი. სურათი მძიმეა და საჭიროა ამ ეტაპისთვის არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდეს”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საპაენსიო ასაკში ადამიანმა შეძლოს მაღალი სიცოცხლისუნარიანობის შეინარჩუნება. რაც შეეხება პროცენტულ სხვაობას, ქალ და მამაკაც პენსიონრებს შორის საერთო ასაკის დაწესება სურათს ძირეულად ვერ შეცვლის.
,,საერთო ასაკის შემოღება არსებულ სურათს ძირეულად ვერ შეცვლის. თანაც, სტატისტიკის მიხედვით ქალი პენსიონრების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 7-8 წელით უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცის. ამიტომ ერთნაირი ასაკით პენსიაზე გასვლის შემთხვევაშიც კი ქალთა რაოდენობა მეტი იქნება. მთავიარია, საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და მათი აქტიური სოციალიზაციისათვის ვიზრუნოთ. მაგალითად, ფრანგი ქალები პენსიაზე გასვლის შემდეგ უფრო მეტ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენთან. ამ საქმეს არა მარტო წმინდა ეკონომიკური, არამედ ფსიქოლოგიური, ეთნოკულტურული და სოციალური კუთხითაც უნდა შევხედოთ”, – განაცხადა არჩვაძემ.
ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე მსჯელობა მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ ამ მიმართულებით ძვრა არ არის. საკითხი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ექსპერტი პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ მასში თითქმის ყველა სფერო უნდა ჩაერთოს.
,,ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე მსჯელობა ყოველთვის მიმდინარეობდა. ეს კომპლექსური პრობლემაა და ყველა სფერო უნდა გაერთიანდეს, ვისაც უშუალოდ საკითხის მოგვარება ეხება. ფინანსური და ეკონომიკური საკითხების გარდა, აქ ფსიქოლოგიური პრობლემებიც დგას. ზოგიერთ 60 წლის ადამიანს ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებით უფრო მეტი სარგებლობა მოტანა შეუძლია ორგანიზაციისთვის, სადაც ის მუშაობს, ვიდრე პენსიაზე გასვლის შემთხვევაში.
დღეს, სახელმწიფოში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის ასაკი დაახლოებით 75 წელია. ფონდიც ამ ასაკზეა გაანგარიშებული. პენსიაზე გასვლის შემდგომ, ამ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის შესწავლა უნდა მოხდეს. დღესაც ყოფილი საბჭოთა კავშირს დასკვნებს ეყრდნობიან. რაც, ვფიქრობ არასწორია. იმხანად, პენსიაზე გასული ადამიანი ფიზიკურად აქტიური იყო და თვითრეალიზებას ახდენდა. დღეს კი ეს რთულია”, – განაცხადა აროშიძემ.
სანამ ადამიანი პენსიაზე გავა, მისი შესაძლებლობების შესწავლა აუცილებელია. პაატა აროშიძეს მიაჩნია, რომ არჩევანი ნებაყოფლობითი იყოს.
,,მომხრე ვიქნები თუ პენსიაზე გასვლა ნებაყოფლობითი იქნება. შესწავლილი უნდა იყოს ადამიანთა შესაძლებლობები. იქნებ მათ პირნათლად შეუძლიათ დაკისრებული როლის შესრულება. კანონმდებლობაში რამე ძირეულ ცვლილების განხორციელებაზე ახლა საუბარი ზედმეტია. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. ასაკთა გათანაბრებამ შეიძლება რაღაც დააბალანსოს, მაგრამ ეს კომპლექსური შესწავლის საკითხია. სანამ გამოცხადდება ქალისა და მამაკაცის ასაკის გათანასწორება, მოსამზადებელი საბიუჯეტო სამუშაოები 5 წლით ადრე მაინც უნდა დაიწყოს”, – აღნიშნა პაატა აროშიძემ.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 864.3 ათასი ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი – კაცი. პენსიის მიმღებთა 30.5 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი – იმერეთში, 10.3 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.6 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.
წყარო: რეზონანსი
