ჯინჭარაძის ლიდერობით და ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით “ამრამ” ვსა დაამარცხა

სუპერლიგაში ყველაზე ნაკლები დამარცხების მქონე ვსა-მ სუპერლიგის რიგით მეოთხე მატჩი დრამატულ ბრძოლაში წააგო. დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერმა შეხვედრა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ამრა გაგრასთან დათმო. მატჩის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა – კახა ჯინჭარაძის ბრძოლაში ჩაგდებულმა ბურთმა მატჩის ბედი გადაწყვიტა, რადგან საფინალო სირენამდე 0.2 წამი რჩებოდა და ამ დროში თამაშის გადარჩენა დიდი იშვიათობაა.
ვსა მთელი თამაში აგებდა, თუმცა ბოლოსწინა წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მოგებაც შეეძლო, თუმცა ყველაფერი თავის თავს, უფრო ზუსტად კი ქსავიერ ჰილ-მეისს უნდა დააბრალოს, რომელმაც დასრულებამდე 7 წამით ადრე ფარის
წინ სრულიად თავისუფლად ნასროლი ბურთი ააცილა. იმ აცილებულის შემდეგ დარჩენილ 6 წამში ჩააგდო სწორედ ჯინჭარაძემ, რომელმაც მანამდე მეტოქის სამწამიან ზონამდე დრიბლინგით, დამცველების მჭიდრო მეურვეობის თანხლებით ირბინა და გამარჯვების ბურთი, რომ იტყვიან, ბრძოლაში გამოჭედა – 75:73 (სტატისტიკა).
ამ ბურთის გამო არა, ჯინჭარაძე მატჩის საუკეთესო იყო – 26 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი. 14 ქულა და 5 პასი ჰქონდა ეროვნული ნაკრების მეორე წევრს, ლუკა მაზიაშვილს. 10 ქულა მიითვალა უფრო დაცვით გამორჩეულმა, მაგრამ ამ მატჩში შეტევაშიც გამორჩეულმა გიორგი მეცხოვრიშვილმა. ვსა-ს შემადგენლობაში 15-15 ქულით 3 მოთამაშე გამოირჩა – დავით კაკუშაძე, ქსავიერ ჰილ-მეისი და ჯერმეინ ჰედი.
სუპერლიგის მე-14 ტური ხვალ, 2 მატჩით დასრულდება: ქუთაისში “რაში” ითამაშებს, თბილისი არენაზე კი თსუ ორბს დაუპირისპირდება. ეს მატჩი ტყიბულში უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო დედაქალაქში ტარდება.
GBF