არასტაბილური კვირის შემდეგ, პარასკევს, 28 თებერვალს ამერიკულ საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის ზრდა დაფიქსირდა.
აქციები თავდაპირველად გაიზარდა პარასკევს დილით, ინფლაციის შენელების შესახებ მონაცემების ფონზე, რაც შვება იყო ინვესტორებისთვის. თუმცა მოგვიანებით, თეთრ სახლში განვითარებულმა მოვლენებმა ბაზრების წითელ ზონაში გადანაცვლება განაპირობა. კერძოდ, სავაჭრო სესიაზე ხანმოკლე კლება მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოვალურ კაბინეტში. ამან გამოიწვია შეშფოთება გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების შესახებ. ლიდერების შეხვედრას, რომელსაც მინერალების შეთანხმების ხელმოწერა უნდა მოჰყოლოდა, ინვესტორები იმედიანად უყურებდნენ უკრაინაში ომის დასრულების კონტექსტში.
საბოლოოდ, S&P 500 გაიზარდა 1.59%-ით და დაიხურა 5,954.50-ზე, დოუ-ჯონსის ინდუსტრიული საშუალო ინდექსმა 1.39%-იანი მატების შემდეგ, სავაჭრო სესიის დახურვისას 43,840.91 შეადგინა, ხოლო Nasdaq-ის კომპოზიტური ინდექსი გაიზარდა 1.63%-ით და 18,847.28-ზე დაიხურა.
რაც შეეხება შედეგებს კვირის და თვის ჭრილში, სამივე ძირითადი ინდექსი შემცირდა, რაც ბაზრებზე მზარდი შფოთვის ნიშანია. თებერვალში Nasdaq-ის ინდექსი გამოირჩეოდა ვარდნით. ის თებერვალში თითქმის 4%-ით დაეცა გასულ კვირაში 3.5%-იანი ვარდნის გამო. შედეგად, გასული თვე ინდექსისთვის, რომელიც დატვირთული ტექნოლოგიური კომპანიებით, ყველაზე ცუდი იყო 2024 წლის აპრილის შემდეგ.
S&P 500 კვირი ჭრილში დაახლოებით 1%-ით, ხოლო თებერვალში 1.4%-ით დაეცა. დოუ-ჯონსის ინდექსი კი მართალია გასულ კვირაში 1%-ით გაიზარდა, თუმცა, ერთი თვის განმავლობაში 1.6%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ევროპის საფონდო ბირჟას, პარასკევს შერეული შედეგები დაფიქსირდა, თუმცა ზედიზედ მეათე კვირაა მატება ფიქსირდება, მიუხედავად იმ გაურკვევლობისა, რაც დონალდ ტრამპის სატარიფო მუქარიდან მომდინარეობს. პარასკევის მცირე ვარდნის მიუხედავად, Europe Stoxx 600 თვის ჭრილში 3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ევროპული ბაზრების საორიენტაციო მაჩვენებლები ასევე აღემატებოდა ამერიკულს იანვარშიც.
წყარო: bm.ge
